19 ოქტომბერს პაპმა ლეო XIV-მ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა და ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში შექმნილი მძიმე ვითარების შესახებ ესაუბრა.
“დღეს მისმა უწმინდესობამ, რომის პაპმა ლეო XIV-მ, სატელეფონო საუბარი გამართა მის აღმატებულება ვოლოდიმირ ზელენსკისთან, უკრაინის პრეზიდენტთან.
საუბრისას წმინდა მამამ ხაზი გაუსვა ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში შექმნილ მძიმე ვითარებას და აღნიშნა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ის მოთხოვნა, რომლითაც მან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს მიმართა.
მისმა უწმინდესობამ იმედი გამოთქვა, რომ ორივე მხარის თანამშრომლობა შესაძლებელს გახდის სურსათისა და სამედიცინო დახმარების მიწოდებას, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის ნებაყოფლობით და უსაფრთხო ევაკუაციას.
დასასრულს, წმინდა მამამ კვლავ დაადასტურა წმინდა საყდრის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს დიალოგსა და მშვიდობას”. – წერია წმინდა საყდრის პრესრელიზში.
ცნობისთვის, 16 ოქტომბერს პაპმა ლეო XIV-მ სატელეფონო საუბარი ვლადიმირ პუტინთანაც გამართა.
ვატიკანის ცნობით, პაპმა ქალაქში მძიმე ჰუმანიტარული ვითარების გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა. ამასთან, მან პუტინს მოუწოდა, დაუშვას ქალაქში სურსათისა და სამედიცინო დახმარების შეტანა, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის ნებაყოფლობითი ევაკუაცია.
ცნობისთვის, ოლეშკი რუსეთის მიერ 2022 წლის 24 თებერვლიდან არის ოკუპირებული. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 24 000-დან 2 000-მდე შემცირდა.
25 სექტემბერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ დროებით ოკუპირებულ ოლეშკიში ხალხი შიმშილობს.
“დროებით ოკუპირებულ ოლეშკიში ხალხი შიმშილობს. საჭმელი თითქმის აღარ დარჩა. ცნობების თანახმად, მშვიდობიანი მოქალაქეები იძულებულნი არიან, თავი ბალახითა და სარეველათი გაიტანონ მაშინ, როცა მედიკამენტები, სუფთა წყალი, ელექტროენერგია და სამედიცინო მომსახურება სულ უფრო მიუწვდომელი ხდება. ამ პირობებში ბავშვებიც იმყოფებიან”. – წერს სიბიჰა X-ზე.
უკრაინის საგარეო მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთის დანაშაულებრივ ქმედებებს და მოსკოვს ოლეშკიში არსებულ ვითარებაზე სრულ პასუხისმგებლობა დააკისრა.

