აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისტორიაში პირველად, უკრაინელმა სამხედროებმა ბრძოლის ველიდან ევაკუაცია საჰარო დრონით შეძლეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ისტორიაში პირველად დაჭრილი სამხედრო მძიმე დრონით, Heavy Shot Ayudag-6-ით, ბრძოლის ველიდან გამოიყვანეს. მებრძოლი, კონსტანტინ ვლასენკო, მეტსახელად “მაგურა”, 491 დღის განმავლობაში მდინარე ოსკილის მარცხენა სანაპიროზე, ე.წ. ნაცრისფერ ზონაში იმყოფებოდა. მას ორივე ფეხი ჰქონდა ამპუტირებული და პოზიციის დამოუკიდებლად დატოვება აღარ შეეძლო. 

როგორც უკრაინული გამოცემა Оборонка წერს, ვლასენკო პოზიციაზე 2025 წლის 2 ივნისს გავიდა. მისი თანამებრძოლი მოგვიანებით დაიღუპა, ხოლო 2026 წლის 14 თებერვალს რუსული დრონის მიერ ჩამოგდებულმა საბრძოლო მასალამ ვლასენკოს ორივე ფეხი დაუზიანა. გადარჩენისთვის მან კიდურები თავად მოიკვეთა.

მისი სახმელეთო გზით ევაკუაცია შეუძლებელი იყო დანაღმული გზების, მდინარისა და რუსული დრონების მუდმივი საფრთხის გამო. სამხედროები პერიოდულად დრონებით აწვდიდნენ საკვებსა და სხვა საჭირო ნივთებს, ხოლო კავშირს რაციით ინარჩუნებდნენ.

ევაკუაციის ოპერაციისთვის უკრაინელებმა ექვსი თვის განმავლობაში მოამზადეს გეგმა, რომელშიც რამდენიმე ბრიგადის სამხედროები მონაწილეობდნენ. მათ გამოიყენეს მძიმე ბომბდამშენი დრონები, რათა რუსული ანტისაჰაერო დრონების ყურადღება გადაეტანათ, ხოლო დაჭრილის გამოსაყვანად 130 კილოგრამამდე ტვირთის აწევის შესაძლებლობის მქონე Heavy Shot Ayudag-6 გამოიყენეს.

4 ოქტომბერს დრონმა ვლასენკო საბრძოლო ზონიდან გაიყვანა. მარშრუტის შუალედურ წერტილზე აპარატს აკუმულატორები შეუცვალეს, რის შემდეგაც დაჭრილი სამხედრო სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსით უსაფრთხო ზონაში გადაიყვანეს. იქიდან ის სამედიცინო პუნქტში გადაიყვანეს, სადაც ქირურგებმა გადაუდებელი დახმარება გაუწიეს.

გამოცემის ცნობით, ოპერაციამ აჩვენა, რომ მძიმე დრონების გამოყენება შესაძლებელია იმ სამხედროების გადასარჩენადაც, რომელთა სახმელეთო ევაკუაცია უკიდურესად სახიფათოა. თუმცა, მწარმოებელი კომპანია Gurzuf Defence მიიჩნევს, რომ ასეთი მისიები მასობრივად ვერ ჩატარდება, რადგან თითოეული მათგანი კონკრეტული ფრონტის მონაკვეთის გათვალისწინებით მოითხოვს ხანგრძლივ დაგეგმვასა და სხვა დანაყოფების მხარდაჭერას.

ვლასენკო უკრაინის გმირის წოდებაზე წარადგინეს. მას ასევე გადაეცა ბოჰდან ხმელნიცკის III ხარისხის ორდენი.

იტვირთბა....