იტალიის რამდენიმე ქალაქში ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მილანში დემონსტრანტებმა მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრიეს, შენობებსა და ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს. შეტაკებების შედეგად ათეულობით პოლიციელი დაშავდა, არეულობის მონაწილეთა ნაწილი კი დააკავეს.
აქცია თავდაპირველად მშვიდობიანი იყო, თუმცა ვითარება მალევე დაიძაბა. შავ ტანსაცმელსა და ნიღბებში გამოწყობილმა ახალგაზრდების ჯგუფებმა მაღაზიების დარბევა და ქონების დაზიანება დაიწყეს.
- იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ძალადობის მონაწილეები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი საპროტესტო აქციებს ქაოსის გამოსაწვევად იყენებენ. მან მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს მოქალაქეების, ბიზნესის მფლობელებისა და დასაქმებულების დაცვისთვის.
“დემონსტრაცია უფლებაა. ჩვენი ქალაქების დანგრევა – არა“, – დაწერა მელონიმ სოციალურ ქსელ X-ში.
პოლიციამ მილანში დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცველების ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 104 პოლიციელი დაშავდა, ხოლო 72 ეჭვმიტანილი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. დაკავებულთა შორის არასრულწლოვნებიც იყვნენ.
- ბიზნესასოციაცია Confcommercio-ს შეფასებით, არეულობის შედეგად მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა ნახევარ მილიონ ევროს მიაღწიოს.
ძალადობრივი დაპირისპირება მხოლოდ მილანს არ შეხებია. შეტაკებები მოხდა რომში, ტურინსა და ბოლონიაშიც. ტურინში დემონსტრანტებმა პოლიციას ქვები და კვერცხები ესროლეს, რომში კი განათლების სამინისტროს შენობის მიმართულებით ფეიერვერკები და მცირე ზომის ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები. ბოლონიაში მომიტინგეებმა რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია დააზიანეს და გზებზე ნაგვის ურნებისგან ბარიკადები მოაწყვეს.
მელონის განცხადებით, ვითარების განსახილველად მთავრობის საგანგებო შეხვედრა ორშაბათისთვის დაიგეგმა.

