აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების პროცესში არავითარი პაუზა არ ყოფილა- მარკო რუბიო

19 ოქტომბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, უარყო უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების რაიმე ფორმით შეჩერება.

“არავითარი პაუზა არ ყოფილა”. – განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს.

რუბიოს თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ომის დასრულებაზე უნდა იყოს კონცენტრირებული.

“ის, რაზეც მან [ზელენსკიმ] ყურადღება უნდა გაამახვილოს და რაზეც ჩვენ გვსურს კონცენტრირება, ამ ომის დასრულებაა”. – დაამატა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

რუბიომ, რომელიც უზბეკეთში ცენტრალური აზიის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების გასამართად იმყოფება, აღნიშნა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, რომ ზელენსკიმ და პუტინმა ყურადღება რუსეთის შემოჭრის დასრულებაზე გაამახვილონ.

“ჩვენ გვსურს, რომ ყველა სწორედ ამაზე იყოს კონცენტრირებული. გვსურს, რუსებიც ამაზე იყვნენ კონცენტრირებულნი. ჩვენც სწორედ ამ საკითხზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. პრეზიდენტის პრიორიტეტიც სწორედ ეს არის: ამ ომის დასრულება”. – აღნიშნა მარკო რუბიომ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 13 ოქტომბერს მოსალოდნელი სარაკეტო დარტყმის შესახებ აშშ-სგან გაფრთხილების მიუღებლობაზე საჯაროდ ისაუბრა. მას მიზეზები არ დაუკონკრეტებია და აღნიშნა, რომ რუსული ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ სადაზვერვო ინფორმაცია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას უწყობს ხელს და ეს ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული საკითხია.

Politico-ს ცნობით, აშშ-მ უკრაინას განუცხადა, რომ 12 ოქტომბრის საღამოს კიევზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შესახებ დაზვერვის ინფორმაცია ცუდი ამინდის პირობების გამო არ მიაწოდა. ამის შესახებ Politico-სთან ანონიმურმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ისაუბრა.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის პირდაპირ კითხვას, შეწყვიტა თუ არა ვაშინგტონმა კიევთან დაზვერვის ინფორმაციის გაცვლა, უპასუხა: “არა”.

18 ოქტომბერს  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-მ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება განაახლა. 

ამის შესახებ ზელენსკიმ NBC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა. 

“დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაბლოკილი იყო და შემდგომ ამერიკულმა მხარემ ეს ბლოკი მოხსნა. ამისთვის ძალიან მადლიერები ვართ”. – თქვა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსული ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმების შესახებ სადაზვერვო ინფორმაცია სამი დღის განმავლობაში არ მიუღიათ, თუმცა ამ დროის განმავლობაში სხვა ტიპის სადაზვერვო მონაცემებს სხვა პარტნიორებისგან იგებდნენ.

იტვირთბა....