დღეს, 18 ოქტომბერს, ლიტვის საჰაერო სივრცეში, სავარაუდოდ, დრონი შეიჭრა და აფეთქდა – ეროვნული კრიზისული მდგომარეობების მართვის ცენტრის ხელმძღვანელის, ვილმანტას ვიტკაუსკასის ცნობით, ნამსხვრევებმა მოქალაქის ავტომობილი დააზიანა, თუმცა არავინ დაშავებულა.
დრონის შემჩნევის შემდგომ ლიტვის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ტერიტორიებში განგაში გამოცხადდა, მცხოვრებებს კი დროებით თავშესაფრის პოვნისკენ მოუწოდეს. ამასთან, ლატვიამაც “შესაძლო საფრთხის” გამო “ყვითელი” საჰაერო განგაში გამოაცხადა ლიტვის მეზობელ რეგიონებში.
განგაშის დროს კაუნასის აეროპორტი დროებით დაიხურა და NATO-მ ადგილზე ავიაგამანადგურებლები ააფრინა. თუმცა, ღრუბლიანი ამინდის გამო NATO-ს თვითმფრინავებს დრონის ჩამოგდება არ უცდიათ.
ლიტვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ დაწერა, რომ “რუსეთის აგრესიის ომი უკრაინის წინააღმდეგ NATO-სა და EU-ს აღმოსავლეთ ფლანგში გადადის”.
“შიაულიაის საჰაერო ბაზაზე მდებარე NATO-ს ავიაგამანადგურებლები კიდევ ერთხელ აფრინდა მას შემდეგ, რაც უცნობი ობიექტი ლიტვის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ის, რაც, როგორც ჩანს, დრონია, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში აფეთქდა, რაც არასამხედრო მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. ამჟამად ჩვენი სპეციალისტები ადგილზე მუშაობენ”. – წერს ნაუსედა.
მოგვიანებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, გეორგი ტიხიმ ინციდენტთან დაკავშირებით მწუხარება გამოხატა და დაწერა, რომ ლიტვაში უკრაინული დრონი სავარაუდოდ რუსული ელექტრონული ომის საშუალებების მიერ მისთვის კურსის შეცვლის გამო ჩამოვარდა.
“ვწუხვართ ინციდენტის გამო, რომელიც ამ დილით ლიტვის საჰაერო სივრცეში მოხდა, რომელიც შესაძლოა რუსული ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ ოპერაციის დროს რუსული ელექტრონული ომის საშუალებების მიერ დრონისთვის კურსის შეცვლამ გამოიწვია.
ბოდიშს ვიხდით ნებისმიერი შეფერხებისთვის, რისკისთვისა და შეშფოთებისთვის, რომელიც შესაძლოა მომხდარმა გამოიწვია.
შემთხვევის ყველა დეტალის დასადგენად ლიტველ პარტნიორებს ყველანაირ რელევანტურ ინფორმაციას გავუზიარებთ. განვაგრძობთ მჭიდროდ თანამშრომლობას, რათა მომავალში მსგავსი ინციდენტები შევაჩეროთ.
გულწრფელად მადლობას ვუხდით ლიტვას, ჩვენს მოკავშირეს, უკრაინის მხარდაჭერისთვის რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, რაც ჩვენს რეგიონში უშიშროების წინაშე არსებული საფრთხეების მთავარი მიზეზია”. – წერს ტიხი.

