აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინას Starshield-ზე წვდომა არ ჰქონია, Starlink-ის სიჩქარე ჩვენ არ შეგვიზღუდავს- რუბიო

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უარყო, რომ უკრაინას ამერიკული თანამგზავრული კავშირის სისტემის, Starlink-ის სამხედრო ვერსიაზე – Starshield-ზე წვდომა წარსულში ჰქონდა და თქვა, რომ უკრაინა Starlink-ის მომსახურებას იყენებს. მისივე თქმით, თეთრ სახლში Starlink-ის სიჩქარის შეზღუდვის ბრძანება არავის გაუცია, თუმცა ეს სხვა მიზეზების გამო მოხდა და ამჟამად ეს შეზღუდვა აღარ მოქმედებს.

“Starlink-ი კომერციული პროდუქტია. ასე რომ, ის რეგულირებულია, როგორც კომერციული პროდუქტი. Starshield-ი თავდაცვითი პროდუქტია, სამხედრო პროდუქტი. როგორც ვთქვი, ეს არის რაღაც, რასაც აშშ-ს შეიარაღებული ძალები იყენებს. ამ მომენტისთვის ის უკრაინისთვის ხელმისაწვდომი არ არის და ამის შესახებ საუბარი გვაქვს. ამჟამად განვიხილავთ იმას, თუ როგორ ენდომებოდათ მისი გამოყენება”. – თქვა რუბიომ.

რუბიომ უარყო ზელენსკის ბრალდება, რომ აშშ-მ Starlink-ის სიჩქარე შეზღუდა და მას “კატეგორიულად მცდარი” უწოდა და თქვა, რომ “ეს თეთრ სახლთან არანაირ კავშირში არ არის”. მანვე დაამატა, რომ “არავის თეთრ სახლში არ დაუვალებია არავისთვის, რომ ინტერნეტი ან სიჩქარე შეენელებინათ, რათა კონკრეტულ დრონებს ვერ გამოეყენებინათ”.  ამასთან, სახელმწიფო მდივნის თქმით, მათი ცნობებით, დრონებს სიჩქარე თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნდა. 

“არ ვიცი, ზელენსკიმ რა თქვა. არ ვარ დარწმუნებული, რომ ზელენსკიმ იცის, რაზეც ლაპარაკობს, მაგრამ ეს წინასწარგანზრახული არ ყოფილა. ეს ჩვენთან არანაირ კავშირში არ არის. აშშ-ში არავის არ გაუცია ბრძანება, რომ Starlink-ის სიჩქარე შენელებულიყო. ეს გარკვეულწილად მოხდა, მაგრამ, როგორც მე მესმის, ის აღდგა. ის [რედ. – სიჩქარე] დაუბრუნდა ნიშნულს, რომელზეც მანამდე იყო. თუმცა, ეს Starlink-ია. ისინი თავიანთი დრონებისთვის Starlink-ს იყენებდნენ”. – თქვა რუბიომ. 

რუბიომ ხაზი გაუსვა, რომ Starshield აშშ-ს შეიარაღებულ ძალებთან გაფორმებული კონტრაქტია, რომელთანაც უკრაინას არანაირი კავშირი არ ჰქონია. მისივე თქმით, უკრაინას მასზე წვდომა ითხოვა, რათა რუსეთის სიღრმეში იერიშები მიიტანოს, თუმცა ჯერჯერობით ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის და განიხილება. 

“Starshield-ი სრულად სხვა პროდუქტია. […] Starshield-ი არის კონტრაქტი აშშ-ს შეიარაღებულ ძალებთან. უკრაინასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ვიცი, რომ უკრაინას Starshield-ზე წვდომა სურს. ამჟამად მათ Starshield არ აქვთ. მასზე წვდომა მოითხოვეს, რათა რუსეთის სიღრმეში იერიშები მიიტანონ. ამ მომენტისთვის მასზე წვდომა არ აქვთ”. – თქვა რუბიომ. 

გუშინ, 17 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადა, რომ Starshield–ზე დაწესებული სიჩქარის შეზღუდვების გამო, უკრაინა რუსული უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ საკუთარი დრონსაწინააღმდეგო სისტემების გამოყენებას ჯერაც ვერ ახერხებს.

ზელენსკის ცნობით, კიევი ამ საკითხს აშშ-ს ოფიციალურ პირებთან განიხილავდა და მას განუცხადეს, რომ შეზღუდვები ტექნიკურ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა დაამატა, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე Starlink, როგორც ჩანს, უფრო მაღალი სიჩქარით ფუნქციონირებს.

16 ოქტომბერს ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას უკრაინისთვის Starlink-ზე წვდომა არ შეუზღუდავს და პასუხისმგებლად არც ილონ მასკს, SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორს მიიჩნევდა.

ცნობისთვის, უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, 14 ოქტომბრის ღამეს მათ ამერიკული თანამგზავრული კავშირის სისტემის, Starlink-ის სამხედრო ვერსიის – Starshield-ის გამოყენებაზე შეზღუდვა აღმოაჩინეს. სისტემა ჩვეულებრივ Starlink-ზე სწრაფია და უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

15 ოქტომბერს მედიამ უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის – Starshield-ის მუშაობის აღდგენის შესახებ.

“ამ დროისთვის, Starshield-ის მუშაობა მაღალი სიჩქარით მოძრაობისას აღდა და გაუმჯობესებას განაგრძობს, რაც ქვედანაყოფების მიერ მოწოდებულ ანგარიშებშიც აისახება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ასევე აგრძელებს მუშაობას, რათა გაარკვიოს გუშინდელი შეზღუდვების ყველა მიზეზი და გარემოება”. – ამბობს წყარო უკრაინის თავდაცვის სამინისტროდან, Ukrainska Pravda-ს ცნობით.

იტვირთბა....