აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსულმა დრონებმა მოლდოვის საჰაერო სივრცე ღამის განმავლობაში ხუთჯერ დაარღვიეს

მოლდოვური სატელევიზიო არხის, TV8-ის ცნობით, 15-16 ოქტომბრის ღამეს რამდენიმე რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა მოლდოვის საჰაერო სივრცე ხუთჯერ დაარღვია.

TV8 მოლდოვის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ დრონებმა საზღვარი უკრაინაზე მასშტაბური რუსული თავდასხმების ფონზე გადაკვეთეს. ინციდენტები მოლდოვის ჩრდილოეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა. ჩამოვარდნის ან აფეთქებების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

პირველი დარღვევა 23:02 საათზე აღირიცხა. ობიექტმა საზღვარი უკრაინის ოდესის ოლქის ტიმკოვეს მხრიდან გადაკვეთა და სოფელ ივანოვკისკენ გაფრინდა.

მეორე ინციდენტი 03:37 საათზე დაფიქსირდა. დრონი ოდესის ოლქის უკრაინული სოფელ სტაროკოზაჩეს მხრიდან შტეფან-ვოდეს რაიონის სოფელ ტუდორასკენ გაფრინდა. ერთი წუთის შემდეგ ის იმავე მარშრუტით დაბრუნდა უკრაინის ტერიტორიაზე.

03:46 საათზე კიდევ ერთმა დრონმა გადაკვეთა საზღვარი ჩრდილოეთით, მოჰილივ-პოდილსკის მხრიდან.

მეოთხე დარღვევა 05:59 საათზე მოხდა. დრონი ქვეყნის საჰაერო სივრცეში სტაროკოზაჩეს მხრიდან შევიდა და შტეფან-ვოდეს რაიონის სოფელ კეპლანისკენ გაემართა. ერთი წუთის შემდეგ დრონმა მოლდოვის ტერიტორია სოფელ ოლენეშტის მახლობლად დატოვა.

06:09 საათზე იმავე დრონმა კვლავ გადაკვეთა საზღვარი შტეფან-ვოდეს რაიონის სოფელ პურკარის მახლობლად. ერთი წუთის შემდეგ ობიექტმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დატოვა.

შვიდ საათზე ნაკლებ დროში თავდაცვის სამინისტრომ მოლდოვის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში საფრენი აპარატების არასანქცირებული შეჭრის ხუთი შემთხვევა დააფიქსირა.

ცნობისთვის, 5 ოქტომბერს რუსეთის მიერ უკრაინის მიმართულებით ნასროლი ერთ-ერთი ჭურვი მოლდოვა-უკრაინის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან ახლოს დაეცა. ამის შედეგად, ერთი მესაზღვრე დაშავდა.

3 ოქტომბერს კი ქვეყნის საჰაერო სივრცეში სამი რუსული რაკეტა და ორი დრონი შეიჭრა.

იტვირთბა....