15 ოქტომბერს Newsmax-თან ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა. მისი აზრით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არ სურს რუსეთთან შეთანხმების მიღწევა.
“ჩვენთვის ზელენსკი არ არის კარგი ფიგურა საქმის დასაჭერად […] ვფიქრობ, თუ ისინი [რუსეთი და უკრაინა] რაიმე სახის შეთანხმებას მიაღწევენ, მასთან [ზელენსკისთან] ერთად ამას არ გააკეთებენ. ის ამბობს, რომ შეთანხმება სურს, მაგრამ ეს ასე არ არის. მე არ ვარ ზელენსკის დიდი თაყვანისმცემელი. მათ ეს ქვეყანა [უკრაინა] გაანადგურეს”. – თქვა ტრამპმა.
მისი მტკიცებით, ყველაფერი ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს დაიწყო, როდესაც უკრაინას “ყირიმის დათმობა აიძულეს”. მისი თქმით, ყირიმი უკრაინის ყველაზე ღირებული ნაწილია. ტრამპმა ასევე დაამატა, რომ “პუტინს სძულს ზელენსკი, ხოლო ზელენსკის სძულს პუტინი” ასეთ დროს კი შეთანხმების მიღწევა ძალიან რთულია.
“ეს არის ომი, რომელიც არასოდეს უნდა დაწყებულიყო”. – თქვა ტრამპმა.
კითხვაზე დასრულდება თუ არა ეს ომი მისი უფლებამოსილების ამოწურვამდე, ტრამპმა უპასუხა, რომ “ის მალე უნდა დასრულდეს”, მისი თქმით, სინამდვილეში ორივე მხარეს ომის მალე დამთავრება სურს.
“მიმაჩნია, რომ ზელენსკისთან საქმის დაჭერა უფრო რთულია, ვიდრე პუტინთან” – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
მისი მტკიცებით, უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშების მიტანით “მსოფლიოში ნავთობის ფასის გაზრდას იწვევს”. ტრამპის თქმით, უკრაინისთვის მრავალი სხვა სამიზნე არსებობს და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმა “სირცხვილია”.
“მინდა, რომ ზელენსკი გაჩერდეს და ასევე პუტინიც. ახლა, თუ მეტყვით, რომ ზელენსკი კვლავ ესვრის გადამამუშავებელ ქარხნებს, მთელი მისი ქმედებები მსოფლიოში ნავთობის ფასის გაზრდას იწვევს. ვფიქრობ, ეს სამარცხვინოა. უამრავი სხვა სამიზნე არსებობს […] უამრავი სამიზნეა, რომლებსაც შეგიძლია დაარტყა, მაგრამ როდესაც ესვრი დიზელის გადამამუშავებელ ქარხნებს, სადაც დიზელი იწარმოება და მსოფლიოს სჭირდება, მაშინ ის [ზელენსკი] კარგ სამსახურს არ უწევს მსოფლიოს” . – თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ტრამპის აზრით, უკრაინაში საჭიროა არჩევნების ჩატარება.
“ვფიქრობ, არჩევნები სჭირდებათ, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინელი ხალხი კმაყოფილია იმით, რომ მათ საცხოვრებელ კორპუსებს რაკეტები ეცემა”. – დაამატა მან.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას არ გააჩნია ისეთი მასშტაბის ადამიანური რესურსი, როგორიც რუსეთს.
“მაგრამ სიმართლე ისაა, რომ რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა და რუსეთს შეუძლია დაკარგოს მილიონი ადამიანი და მის უკან კიდევ მრავალი მილიონი იდგეს. უკრაინას ამჟამად არ გააჩნია ასეთი ცოცხალი ძალა“. – თქვა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, 11 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მანვე მოუწოდა მხარეებს, რომ შეთანხმება არ დაარღვიონ.
როგორც გამოცემა Axios წერდა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უთხრათ, რომ ტრამპის განცხადება ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ “მისთვის სიახლე იყო, მაგრამ თუ რუსები ენერგეტიკულ ცეცხლის შეწყვეტას თანხმდებიან, უკრაინაც დათანხმდება”.
15 ოქტომბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებს განაახლებს.
მისი თქმით, უკრაინამ აშშ-ს მოთხოვნის შესასრულებლად რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშები სამი დღით შეაჩერა, თუმცა, ამ პერიოდში მოსკოვმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა განაგრძო.
ქვეყნებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 9 ოქტომბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინს რუსეთის მიერ ამერიკული და მსოფლიო ბაზრებისთვის მილიონობით ტონა დიზელის საწვავს მიწოდებაზე შეუთანხმდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და Axios-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მას “სრულად საშინელი” და “პუტინისთვის განკუთვნილი დაბადების დღის საჩუქარი” უწოდა.
გამოცემა Axios-ის ცნობით, ინფორმირებულმა ამერიკელმა თანამდებობის პირმა მათ განუცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთთან დიზელის საწვავის თაობაზე შეთანხმების დადება გადაწყვიტა, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ აშშ-ს თხოვნა არ გაითვალისწინა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 ოქტომბერს გადაცემა Piers Morgan Uncensored-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის “მტკივნეული” იყო, როდესაც მისმა ამერიკელმა კოლეგამ, დონალდ ტრამპმა სხვა მხარე “აირჩია”.
ზელენსკის ჰკითხეს, გრძნობს თუ არა თავს “დაღალატებულად” ბოლოდროინდელი მოვლენების, კერძოდ, რუსეთისა და აშშ-ის დიზელის შეთანხმებისა და ენერგეტიკული ზავის გამო.
“მართლაც ასეა. გულწრფელად რომ ვთქვათ. თუმცა, ვგულისხმობ იმას, რომ ვითარება გაცილებით რთულია, ვიდრე უბრალოდ ჩემი ემოციები ან განცდები. დიახ, ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. იმას ვგულისხმობ, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა გადარჩეს”. – უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა.

