საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან ნოელ ბაროს განაცხადებით, იმ სადაზვერვო მონაცემების ორ მესამედს, რომელსაც უკრაინა პარტნიორებისგან იღებს, ამ ეტაპზე ევროპა უზრუნველყოფს.
“უკრაინისთვის მიწოდებული სადაზვერვო ინფორმაციის ორი მესამედი დღეს ევროპულ ქვეყნებზე, მათ შორის საფრანგეთზე მოდის”, – განაცხადა ბარომ France Inter-თან ინტერვიუში.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 13 ოქტომბერს მოსალოდნელი სარაკეტო დარტყმის შესახებ აშშ-სგან გაფრთხილების მიუღებლობაზე საჯაროდ ისაუბრა. მას მიზეზები არ დაუკონკრეტებია და აღნიშნა, რომ რუსული ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ სადაზვერვო ინფორმაცია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას უწყობს ხელს და ეს ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული საკითხია.
Politico-ს ცნობით, აშშ-მ უკრაინას განუცხადა, რომ 12 ოქტომბრის საღამოს კიევზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შესახებ დაზვერვის ინფორმაცია ცუდი ამინდის პირობების გამო არ მიაწოდა. ამის შესახებ Politico-სთან ანონიმურმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ისაუბრა.
გამოცემის წყაროს თქმით, კიევში ამ განმარტებას “საპატიო მიზეზად არ მიიჩნევენ”.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის პირდაპირ კითხვას, შეწყვიტა თუ არა ვაშინგტონმა კიევთან დაზვერვის ინფორმაციის გაცვლა, უპასუხა: “არა”.
Financial Times-სთან ინტერვიუში ზელენსკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელ სამხედროებს ამერიკელმა კოლეგებმა უთხრეს, რომ თუ კიევი რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს არ შეწყვეტდა, ვაშინგტონი სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას დაბლოკავდა. მისი თქმით, კიევს მოგვიანებით განუმარტეს, რომ ინფორმაციის მიწოდების შეფერხება ტექნიკურ ხარვეზთან იყო კავშირში.
ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ უკრაინაში Starlink-ის სატელიტური კავშირის სიჩქარის შემცირებამ ფრონტზე მიმდინარე ოპერაციებსა და რუსეთის სამხედრო ობიექტებზე საშუალო მანძილზე იერიშებს ხელი შეუშალა. მან უარყო, რომ პრობლემა ტექნიკური მიზეზით იყო გამოწვეული.
“ეს ტექნიკური პრობლემა არ ყოფილა, ეს პოლიტიკური ნება იყო.” – თქვა ზელენსკიმ.
ამასთან, Axios-ს ცნობით, ინფორმირებული უკრაინელი თანამდებობის პირის თქმით, 9 ოქტომბებრს მაიამიში აშშ-სა და უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებების დროს, უიტკოფი და კუშნერი უკრაინას ამერიკული სადაზვერვო მონაცემების მიწოდების შეწყვეტით დაემუქრნენ, თუ ტრამპის მოთხოვნებს კვლავ უგულებელყოფდნენ.
გამოცემასთან საუბრისას ამერიკელმა თანამდებობის პირმა უარყო მსგავსი მუქარა და აღნიშნა, რომ უიტკოფმა და კუშნერმა უკრაინელებს შეახსენეს, რომ აშშ მათი მტკიცე პარტნიორია, რომელიც მათ საბრძოლო მასალითა და სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფს. უიტკოფისა და კუშნერის თქმით, უკრაინას ამიტომ არ უნდა გადაედგა ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ამერიკელ მომხმარებლებს აზიანებს.

