ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკისა და ზანგეზურის დერეფნის დამაკავშირებელი რკინიგზის მონაკვეთის მშენებლობა დაჩქარებული ტემპით გრძელდება. ინფორმაციას „ვესტი-კავკაზა“ აზერბაიჯანის რკინიგზაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, უწყების ცნობით, ამჟამად სამუშაოები სომხეთის საზღვრიდან ორდუბადის მიმართულებით ზარანისა და სალამმელიკის სადგურებს შორის 7-კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს.
საპროექტო ხაზის მთლიანი სიგრძე 194 კმ-ია. რეკონსტრუქცია ათ სადგურსა და სამ სამგზავრო პლატფორმას ჩაუტარდება. ამის გარდა, მრავალი ხიდის, გვირაბისა და სხვა მსგავსი ნაგებობის მშენებლობა და აღდგენა არიას დაგეგმილი.
შპს „ნახიჩევანის რკინიგზის“ დირექტორის მოადგილე, მუსა ალიევი აცხადებს, რომ „სამუშაოები ავტონომიურ რესპუბლიკაში დაჩქარებული ტემპით გრძელდება.“ ის იმედოვნებს, რომ ზანგეზურის დერეფანში მოძრაობის აღდგენის შემდეგ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში სარკინიგზო ხაზების სრული რეკონსტრუქცია უმოკლეს დროში დასრულდება.
რაც შეეხება დერეფნის სომხურ მონაკვეთს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ცნობით, დღის წესრიგში კაპანისა და მეგრის მიმართულებით რკინიგზის აღდგენის საკითხი დგას, რაც დიდი მაღაროების ოპერირებასაც ხელს შეუწყობს.
ცნობისთვის: საბჭოთა პერიოდში ერევნიდან და იერასხიდან რკინიგზა ნახიჩევანის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის გავლით მეგრის მიმართულებით გადიოდა, საიდანაც აზერბაიჯანის სსრ-ის ტერიტორიიდან განშტოება სომხეთის ქალაქ კაპანში შედიოდა.
ფაშინიანი ამბობს, რომ „საავტომობილო გზების ამჟამინდელი გადატვირთულობის გათვალისწინებით რკინიგზა, ასევე, ზანგეზურისა და კაპანის სამთო-გადამამუშავებელი ქარხნების ოპერირებისთვის არის მნიშვნელოვანი.“ პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რომ აზერბაიჯანი სიუნიქის გავლით ნახიჩევანთან დაკავშირებას შეძლებს, ხოლო სომხეთი არარატისა და სიუნიქის ოლქებს ერთმანეთს ნახიჩევანის გავლით დააკავშირებს. ფაშინიანის ცნობით, სომხეთის მთავრობამ უკვე გამოაცხადა ტენდერი ერასხიდან ნახიჩევანის საზღვრამდე სასაზღვრო რკინიგზის კვანძის აღდგენისთვის.
ამასთან, 14 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას რუსეთის რკინიგზასთან ერთად სომხეთის რკინიგზის ეფექტური კონცესიური მართვის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ. დოკუმენტი სომხეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, „სამუშაო ჯგუფი კონცესიური მართვის ეფექტურობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს, ასევე, სამთვიან ვადაში გამოსავალი უნდა გამონახოს და შემდგომი ნაბიჯები განსაზღვროს.“ ახალ სტრუქტურას ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, დავიდ ივანიანი უხელმძღვანელებს.
ცნობისთვის: 2008 წლიდან სომხეთში სარკინიგზო ქსელს 30-წლიანი საკონცესიო ხელშეკრულებით რუსეთის რკინიგზის შვილობილი კომპანია, „სამხრეთკავკასიური რკინიგზა” მართავს და და 100%-იანი საკუთრებით ფლობს. ივლისის ბოლოს ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვს დაემუქრა, რომ თუ კონცესიის პირობების გადახედვაზე შეთანხმება ვერ შედგება, სომხეთმა რუსეთს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის იჯარისთვის შესაძლოა, წელიწადში 2 მლრდ დოლარამდე მოსთხოვოს. სომხეთის პრემიერი არბიტრაჟის გამოყენებასაც არ გამორიცხავდა.
თებერვალში მან მოსკოვს შესთავაზა, ეს უფლებები „მეგობარ“ ქვეყანას, ყაზახეთს, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს ან კატარს მიჰყიდოს, რადგან არსებული ვითარება სომხეთს „კონკურენტულ ზარალს“ უქმნის. თუმცა საპასუხოდ რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ამისთვის „არავითარი ობიექტური მიზეზები“ არ არსებობს. ამის შემდეგ ფაშინიანი ამბობდა, რომ რკინიგზა სომხეთს ეკუთვნის და მას უფლება აქვს, ის „როგორ მიზანშეწონილადაც ჩათვლის,” ისე გამოიყენოს.
ფაშინიანი საკონცესიო ხელშეკრულების გადახედვის ერთ-ერთ მიზეზად სარკინიგზო ინფრასტრუქტურის არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობას ასახელებს

