ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტზე ჩასულ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერა და სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს. ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდება, ხოლო რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს.
“ჩვენი გზავნილი პრეზიდენტ ზელენსკისადმი ძალიან მარტივია – ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ისეთივე ძლიერია, როგორც არასდროს. ახლა უკრაინისთვის მხარდაჭერის შემცირების ან რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქების დრო არ არის. ახლა ჩვენი მხარდაჭერისა და ზეწოლის გაზრდის დროა”. – თქვა კოშტამ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება აუცილებელია მოსკოვის რეალურ ცეცხლის შეწყვეტასა და მოლაპარაკებებზე დასათანხმებლად. მან ზელენსკის პირადად მიმართა და ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის ევროპულ მომავალშიც აღუთქვა. “ჩვენი იმედი შეგიძლიათ გქონდეთ არა მხოლოდ ომის დროს, არამედ, რაც მთავარია, მომავალშიც, როდესაც ევროკავშირის წევრი იქნებით. […] მადლობა იმ მაგალითისთვის, რომელსაც, როგორც ევროპელი, გვაძლევთ. ჩვენი იმედი ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ”. – თქვა კოშტამ.
უკრაინისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც. მისი თქმით, რუსეთი უკრაინის ენერგეტიკული და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განადგურებას ცდილობს, თუმცა ევროკავშირი კიევს ზამთრისთვის მომზადებაში დაეხმარება. “ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ. დაგეხმარებით, როგორც წინა ზამთრებში გეხმარებოდით. ამასაც გადავლახავთ”. – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტზე მუშაობს და სანქციებს ომის დასრულებამდე არ გააუქმებს.
თავის მხრივ, ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. “ძალიან მადლობელი ვარ იმ უზარმაზარი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროპული საბჭოსგან, ევროკომისიისგან და ლიდერებისგან – ნამდვილი ლიდერებისგან – ვიღებთ. ისინი ამ ომის დაწყებიდანვე ჩვენს გვერდით დგანან”. – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. მისი თქმით, უკრაინისთვის ამჟამად მთავარი პრიორიტეტებია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა, საჰაერო თავდაცვა და დაფინანსება, რადგან რუსეთის მხრიდან ომის დასრულებისთვის მზადყოფნის ნიშნები არ ჩანს.
სამივე ლიდერმა ყურადღება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსაც დაუთმო. ფონ დერ ლაიენის თქმით, მიზანია, წლის ბოლომდე გაწევრიანების მოლაპარაკებების დარჩენილი ორი კლასტერიც გაიხსნას. ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის პარლამენტს ომის პირობებში რეფორმების გაგრძელებისთვის მადლობა გადაუხადეს.

