აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთში ოპოზიციური გამოცემა Новая газета-ს მთავარი რედაქტორი დააკავეს

რუსული ოპოზიციური გაზეთის, Новая газета-ს (“ახალი გაზეთი”), მთავარი რედაქტორი 15 ოქტომბერს მოსკოვში გამომძიებლებმა დაკითხვაზე გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა მისი სახლი გაჩხრიკეს.

რუსულმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-მა სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ სერგეი სოკოლოვის დაკითხვა მიმდინარეობდა პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენების საქმეზე.

Новая газета-მ, რუსეთის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა საგამოძიებო მედიაორგანიზაციამ, განაცხადა, რომ თანამშრომლებმა სოკოლოვთან კონტაქტი ადგილობრივი დროით დაახლოებით შუადღისას, სარედაქციო კრების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, დაკარგეს.

გაზეთის ცნობით, სოკოლოვი სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტის განყოფილებაში გადაიყვანეს. მასთან შესახვედრად ადვოკატი გაიგზავნა.

მედიის სადამკვირვებლო ორგანიზაცია Reporters Without Borders აცხადებს, რომ ქვეყანაში ამჟამად 50 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელია დაპატიმრებული.

1993 წელს დაარსებული Новая газета ცნობილია თავისი გამოძიებებით კორუფციის შესახებ და რუსული პოლიტიკის კრიტიკული გაშუქებით.

Новая газета-ს ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა დიმიტრი მურატოვმა 2021 წლის ნობელის მშვიდობის პრემია აიღო და ეს ჯილდო თავის ექვს კოლეგას მიუძღვნა, რომლებიც პროფესიული საქმიანობის გამო მოკლეს.

ცნობისთვის, აპრილში რუსული ოპოზიციური გამოცემა Новая газета-ს მიმომხილველი, ოლეგ როლდუგინი დააკავეს. 

РИА Новости-ს თანახმად, როლდუგინი პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენებასთან დაკავშირებით დააკავეს და მას ახლა დაკითხვა უტარდება. 

“ოლეგ როლდუგინი სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს, ის დაკავებულია და დაკითხვაზე იმყოფება”. – თქვა სამთავრობო მედიის წყარომ РИА Новости-ს მიხედვით.

მანამდე, Новая газета წერდა, რომ დილით როლდუგინის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც ის დაკითხვაზე გადაიყვანეს. გამოცემის ინფორმაციით, როლდუგინს ადვოკატთან წვდომა მოსკოვის დროით 18:30 საათამდე არ ჰქონია, ხოლო საქმის გამომძიებელი მათ ზარებს არ პასუხობდა.

იტვირთბა....