ორსულობის დაგეგმვა ყველა წყვილისთვის ერთნაირად მარტივი პროცესი არ არის. ზოგიერთისთვის სასურველი ორსულობა მალევე დგება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მოლოდინი დროში იწელება და ჩნდება არაერთი კითხვა .
დაორსულებასთან დაკავშირებული სირთულე საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და მას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. გავლენას ახდენს როგორც ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ისე ასაკი, ჰორმონული და გენეტიკური ფაქტორები, გარკვეული დაავადებები და ცხოვრების წესი. ზოგჯერ კი, მიუხედავად ჩატარებული კვლევებისა, კონკრეტული მიზეზის დადგენა მაინც ვერ ხერხდება.
აღნიშნული თემის გარშემო ჯერ კიდევ არსებობს არაერთი მცდარი წარმოდგენა. ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული შეხედულებაა, რომ თუ ორსულობა არ დგება, პრობლემა, პირველ რიგში, ქალში უნდა ვეძებოთ. სწორედ ამიტომ, ხშირად კვლევებსა და მკურნალობასაც მხოლოდ ქალი იწყებს, მაშინ როდესაც პროფესიული რეკომენდაციები ორივე პარტნიორის ერთდროულ შეფასებას ითვალისწინებს.
ამ თემაზე საუბრისას მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ პარტნიორს არ დაეკისროს. თანამედროვე მედიცინა პრობლემას კომპლექსურად აფასებს და მიზეზის დასადგენად ორივე პარტნიორის ჯანმრთელობის მდგომარეობას ითვალისწინებს.
აუცილებელია მითებისა და ფაქტების გამიჯვნა, რათა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე საუბარი მხოლოდ შიშებსა და გავრცელებულ მოსაზრებებს კი არა, სანდო სამედიცინო ინფორმაციას ეფუძნებოდეს – სწორედ ამიტომ , აღნიშნულ საკითხებს რეპროდუქციული კლინიკა Beta Plus Clinics-ის ექიმ რეპროდუქტოლოგ მეგი ქოქაშვილთან ერთად განვიხილავთ:
შეიძლება თუ არა , ერთი შეხედვით სრულიად ჯანმრთელი წყვილის შემთხვევაში ორსულობა არ დადგეს და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი ?
სრულიად შესაძლებელია ერთი შეხედვით, ორსულობა თითქოს მარტივი პროცესია, მაგრამ სინამდვილეში ის ერთმანეთზე დამოკიდებული რამდენიმე ეტაპისგან შედგება: უნდა მოხდეს ოვულაცია, კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი ერთმანეთს უნდა შეხვდნენ, უნდა მოხდეს განაყოფიერება, შემდეგ ემბრიონმა უნდა მიაღწიოს საშვილოსნოს და მოხდეს მისი იმპლანტაცია, რის შემდეგაც ორსულობა წარმატებით უნდა გაგრძელდეს. ამ ჯაჭვში რომელიმე ეტაპის დარღვევამ შეიძლება დაორსულება გაართულოს. მიზეზები შეიძლება იყოს, მაგალითად, ოვულაციის დარღვევა ან ანოვულაცია, ფალოპის მილების გაუვალობა, ენდომეტრიოზი, მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული ნაყოფიერების პრობლემა ან საკვერცხის ნაადრევი უკმარისობა. და ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ: რამდენიმე თვე ორსულობის არ დადგომა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ წყვილს უნაყოფობის პრობლემა აქვს. ზოგჯერ უბრალოდ დრო სჭირდება, რადგან ორსულობის დადგომა ერთ კონკრეტულ ციკლში გარანტირებული არ არის.
რამდენად ხშირად არის მიზეზი მამაკაცის ფაქტორი , ქალის ფაქტორი ან ორივე ერთად?
დღესდღეობით უნაყოფობა მხოლოდ ქალის პრობლემა არ არის. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, შემთხვევების დაახლოებით 40 პროცენტამდე მიზეზი მამაკაცის ფაქტორია, დაახლოებით ამდენივე — ქალის ფაქტორი. 10-20 % ში პრობლემა ორივე პარტნიორში გვხვდება, ხოლო დაახლოებით 10-20 % ში მიზეზი, მიუხედავად კვლევებისა, ვერ დგინდება და მას აუხსნელ უნაყოფობას ვუწოდებთ. ამიტომ თანამედროვე მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია — შეფასება უნდა ჩატარდეს ორივე პარტნიორის შემთხვევაში და არა მხოლოდ ქალის.
როდესაც წყვილი ორსულობას გეგმავს, ხშირად ჩნდება კიდევ ერთი კითხვა – რამდენ ხანს უნდა დაელოდონ და როდის არის უკვე საჭირო გამოკვლევების დაწყება? ამ გადაწყვეტილებაზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის ასაკიც.
როდის უნდა დაიწყოს წყვილმა გამოკვლევები და რამდენ ხანს არის მიზანშეწონილი ლოდინი ასაკის მიხედვით?
თუ ქალი 35 წლამდეა, რეკომენდებულია გამოკვლევის დაწყება 12 თვის უშედეგო მცდელობის შემდეგ. 35 წლის და უფროსი ასაკის შემთხვევაში, უკვე 6 თვის შემდეგ არის რეკომენდებული შეფასება. ხოლო თუ ქალი 40 წელზე უფროსია, უბრალოდ ლოდინი აღარ არის მიზანშეწონილი . თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ ვადამდე აუცილებლად უნდა დაელოდონ. თუ თავიდანვე არსებობს ისეთი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ნაყოფიერებაზე იმოქმედოს , ან წყვილს უბრალოდ სურვილი აქვს თავიდანვე შეფასდეს მათი რეპროდუქციული შესაძლებლობა , რა თქმა უნდა მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩაიტარონ კვლევები.
როგორ იწყება მიზეზების ძიება და რომელი კვლევებია პირველი ნაბიჯი ?
პირველი ნაბიჯი დეტალური სამედიცინო ანამნეზი შეკრებაა, შემდეგ კი ორივე პარტნიორის გამოკვლევა. ქალში პირველადად კეთდება გინეკოლოგიური ულტრაბგერითი კვლევა , რათა შეფასდეს ოვულაცია, საშვილოსნოსა და საკვერცხეების მდგომარეობა .შესაძლოა საჭირო გახდეს ფალოპის მილების გამოკვლევაც. მამაკაცში კი ერთ-ერთი პირველი კვლევა სპერმოგრამაა. ამის შემდეგ, შედეგებიდან გამომდინარე, ინიშნება უფრო მიზნობრივი კვლევები.“ 5. რა შეცდომებს უშვებენ წყვილები ყველაზე ხშირად სანამ ექიმთან მივლენ ?
ყველაზე ხშირი შეცდომა ალბათ ის არის, რომ წყვილები ძალიან დიდხანს ელოდებიან და ფიქრობენ: „ჯერ ახალგაზრდა ვართ, თავისით დადგება“ — მაშინაც კი, როდესაც უკვე გასულია ის პერიოდი, რომლის შემდეგაც რეკომენდებულია შეფასება. მეორე შეცდომაა ოვულაციის მხოლოდ კალენდრით განსაზღვრა ან მხოლოდ აპლიკაციაზე დაყრდნობაა. კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომაა, როდესაც ყველა პასუხისმგებლობას ქალი იღებს საკუთარ თავზე და მამაკაცის ფაქტორი საერთოდ არ განიხილება. ასევე ხშირად წყვილები თვითნებურად იწყებენ სხვადასხვა ვიტამინის, ჰორმონის ან სხვა პრეპარატის მიღებას იმ იმედით, რომ ეს ორსულობას დააჩქარებს. თუმცა ყველა ასეთი საშუალება საჭირო ან ეფექტური არ არის და ზოგიერთის მიღება ექიმის რეკომენდაციის გარეშე საერთოდ არ არის მიზანშეწონილი.
ყოველთვის ნიშნავს თუ არა უნაყოფობა ივფ-ის საჭიროებას ?
არა რა თქმაუნდა . უნაყოფობის შემთხვევაში ,ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში დადგინდეს მიზეზი, თუ რატომ არ დგება ორსულობა. ამის შემდეგ ხდება ინდივიდუალურად სწორი მკურნალობის შერჩევა, და ეს არ მოიცავს აუცილებლად ხელოვნურ განაყოფიერებას.
რას ეტყოდით წყვილებს ,რომელიცბ ახლაც კი უიმედობას ებრძვიან?
უნაყოფობა ემოციურად ძალიან რთული გამოცდილებაა, მაგრამ დღეს არსებობს მიზეზის დადგენისა და მკურნალობის არაერთი გზა. ზოგჯერ პასუხის პოვნას დრო სჭირდება, ზოგჯერ კი საჭიროა რამდენიმე განსხვავებული მკურნალობის და მიდგომის მოსინჯვა . და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია: არ დაკარგონ იმედი და აარ დანებდნენ .
დაორსულებასთან დაკავშირებული სირთულეები ყოველთვის ერთ კონკრეტულ მიზეზს არ უკავშირდება და თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეჭვებმა, მითებმა ან სხვისმა გამოცდილებამ პროფესიული შეფასება არ ჩაანაცვლოს.
ინტერვიუ იხილეთ აქ

