აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) ფსკოვის ოლქში შვედეთის მოქალაქე დააკავა

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) განცხადებით, ფსკოვის ოლქში შვედეთის მოქალაქე დააკავეს.

აღნიშნული ინფორმაცია, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ზე დაყრდნობით, შვედეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა SVT-მ გაავრცელა.

SVT-ის ცნობით, 35 წლის მამაკაცი სტოკჰოლმის მაცხოვრებელია. რუსეთის უსაფრთხოების ძალებმა იგი ფსკოვის ოლქის სებეჟის რაიონში დააკავეს. ФСБ-ის ცნობით, მამაკაცი რუსეთში არალეგალურად შევიდა.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, დაკავებული მამაკაცი, სავარაუდოდ, 2026 წლის თებერვლიდან ივნისამდე უკრაინის 24-ე მოიერიშე ბატალიონში მსახურობდა, სადაც უპილოტო საფრენი აპარატების დანაყოფს მეთაურობდა.

ФСБ ასევე აცხადებს, რომ შვედეთის მოქალაქე სამხედრო ობიექტებზე დივერსიების შესრულების მიზნით, ახალწვეულის საფარქვეშ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანებას გეგმავდა. აღნიშნული ბრალდებები დამოუკიდებლად გადამოწმებული არ არის.

TASS-ის ინფორმაციით, შვედეთის მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა). ასევე განიხილება სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის საკითხი 205.5 (ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზება და ასეთი ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა) და 359-ე (დაქირავებული მებრძოლის საქმიანობა) მუხლებით.

მამაკაცის ახლობლებმა შვედურ მაუწყებელ SVT-ს დაუდასტურეს, რომ იგი უკრაინის მხარეს იბრძოდა და გარკვეული დრო ამ ქვეყანაში გაატარა.

შვედეთის პრემიერმინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ მოსკოვში შვედეთის საელჩო შეისწავლის გავრცელებულ ცნობებს რუსეთში შვედეთის მოქალაქის დაკავების შესახებ.

„ჯერჯერობით ეს მხოლოდ მედიაში გავრცელებული ცნობებია. ჩვენ მოსკოვში ჩვენი საელჩოს მეშვეობით გავარკვევთ, რა ხდება“, – განუცხადა კრისტერსონმა SVT-ს ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის მსვლელობისას.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაუწყებელს აცნობა, რომ ინფორმირებულია მედიაში გავრცელებული ცნობების შესახებ, თუმცა ამ საკითხზე საკონსულოს საქმის წარმოება არ დაუწყია.

ცნობისთვის, 14 ოქტომბერს სახალინზე ჯაშუშობის ბრალდებით იაპონელი ჟურნალისტი დააკავეს. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) განცხადებით, დაკავებული გაზეთ Hokkaido Shimbun-ის კორესპონდენტი და იაპონიის მოქალაქეა.

ФСБ-ს ვერსიით, ჟურნალისტი რუს სამხედროებზე ინფორმაციას აგროვებდა. სპეცსამსახურის მტკიცებით, იგი იაპონიის დაზვერვის დავალებით კურილის კუნძულებზე მცხოვრებთაგან უკრაინის ომში მონაწილე მობილიზებულებისა და მოხალისეების რაოდენობის შესახებ მონაცემებს აგროვებდა.

მოსკოვის ლეფოროტოვოს სასამართლოს ბარათის თანახმად, დაკავებულია 34 წლის იმაი იუკი. იგი 13 ოქტომბერს ჯაშუშობის საქმეზე დააპატიმრეს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით. ჟურნალისტს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

რუსეთის ხელისუფლება დაკავებულ უცხოელებს საზღვარგარეთ დევნილი რუსების გასაცვლელად იყენებს. მაგალითად, 2023 წელს რუსეთში ჯაშუშობაში The Wall Street Journal-ის კორესპონდენტი ევან გერშკოვიჩი დაადანაშაულეს. სასამართლომ მას 16 წლით კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა. გერშკოვიჩი 2024 წელს დასავლეთის ქვეყნებთან პატიმართა გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს.

იტვირთბა....