უკრაინამ რუსეთის „ბორისოგლებსკის“ აეროდრომზე ექვსი „სუ-34“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი დააზიანა, – ამის შესახებ უკრაინის საზღვაო ძალების პრესსამსახურმა განაცხადა.
უკრაინის საზღვაო ძალებში აღნიშნავენ, რომ 15 ოქტომბრის ღამეს, უკრაინის საზღვაო ძალებმა რუსეთის ვორონეჟის ოლქში, ბორისოგლებსკის სამხედრო აეროდრომის წინააღმდეგ სანაპირო თავდაცვის სარაკეტო სისტემა „ნეპტუნი“ გაუშვა.
„დარტყმის შედეგად დაზიანდა ექვსი სუ-34მ ბომბდამშენი. ასევე განადგურდა ავიაციის ფრენების მხარდამჭერი ტექნიკური აღჭურვილობა, აეროდრომზე დაფიქსირდა განმეორებითი აფეთქებები და ხანძარი“, – ნათქვამია განცხადებაში.
„სუ-34მ“-ს შეუძლია ერთდროულად გადაიტანოს რამდენიმე მართვადი და მძლავრ-ფეთქებადი საჰაერო ბომბი, ასევე სხვადასხვა ტიპის რაკეტა და წარმოადგენს რუსული ავიაციის ერთ-ერთ მთავარ აქტივს თავდაცვის ძალების პოზიციებსა და ფრონტის ხაზზე მდებარე დასახლებულ პუნქტებზე მართვადი საჰაერო ბომბების დარტყმების განსახორციელებლად.

