აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

რუსეთში იაპონელი ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

სახალინზე ჯაშუშობის ბრალდებით იაპონელი ჟურნალისტი დააკავეს. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) განცხადებით, დაკავებული გაზეთ Hokkaido Shimbun-ის კორესპონდენტი და იაპონიის მოქალაქეა. სპეცსამსახურს მისი ვინაობა არ გაუმჟღავნებია. ჟურნალისტი სამხრეთ სახალინსკში რუსეთის დატოვებამდე დააკავეს.

ФСБ-მ ოპერატიული ვიდეომასალა გაავრცელა. ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა ჟურნალისტი, სავარაუდოდ, სასტუმროში აიყვანეს. ოპერატიული გადაღების კადრებში ჩანს, თუ როგორ აიძულეს მას ტექნიკის განბლოკვა. ჩანაწერიდან ისიც ირკვევა, რომ ჯაშუშობაში დადანაშაულებამ ჟურნალისტის გაკვირვება გამოიწვია.

ФСБ-ს ვერსიით, ჟურნალისტი რუს სამხედროებზე ინფორმაციას აგროვებდა. სპეცსამსახურის მტკიცებით, იგი იაპონიის დაზვერვის დავალებით კურილის კუნძულებზე მცხოვრებთაგან უკრაინის ომში მონაწილე მობილიზებულებისა და მოხალისეების რაოდენობის შესახებ მონაცემებს აგროვებდა.

მოსკოვის ლეფოროტოვოს სასამართლოს ბარათის თანახმად, დაკავებულია 34 წლის იმაი იუკი. იგი 13 ოქტომბერს ჯაშუშობის საქმეზე დააპატიმრეს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით. ჟურნალისტს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოცემა Осторожно, новости-ის (“ფრთხილად, ახალი ამბები”) ცნობით, იმაი იუკი რუსეთში 2014 წლიდან ჩადიოდა. ბოლოს იგი რუსეთს 2026 წლის ზაფხულში ეწვია. იმაი იუკი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა და მოსკოვსა და პეტერბურგში მოგზაურობის ფოტოებს აქვეყნებდა. ჟურნალისტის თქმით, მას მცირედით აინტერესებდა საბჭოთა სამხედრო ტექნიკა, ასევე რუსული კულტურა – კლასიკური მუსიკა, ბალეტი და საბჭოთა კინემატოგრაფია. დაკავების ვიდეოში ჟურნალისტის ჩემოდანიც გამოჩნდა, რომელშიც ივან ბუნინის წიგნი იდო.

Осторожно, новости-ის ინფორმაციით, ბოლო დროს ჟურნალისტი სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისა და ხაბაროვსკში იაპონიაზე სსრკ-ის გამარჯვების პატივსაცემად მონუმენტის გახსნის შესახებ მასალებს აქვეყნებდა. მისი სტატიები რუსეთის ფედერაციასა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობების განმტკიცებას თემასაც მოიცავდა.

ბოლო ვიზიტისას ჟურნალისტმა პრიმორიეს მხარე მოინახულა – იმყოფებოდა ვლადივოსტოკსა და ნახოდკაში, სადაც ბავშვთა შემოქმედების სახლს ეწვია. მან იაპონიის რუსულენოვან მცხოვრებლებს ინტერვიუ ჩამოართვა, ინტერესდებოდა შორეული აღმოსავლეთის ყოფით, საბჭოთა-იაპონიის ომისა და რუსეთ-იაპონიის მეგობრობის საკითხებით.

იმაი იუკის ბოლო სტატია 5 ოქტომბერს გამოქვეყნდა. რეპორტაჟში იგი რუსულ რეგიონში ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეების ყოფაზე ყვება.

გამოცემა Агентство-ს (“სააგენტო”) ცნობით, იმაი იუკის დაკავების შესახებ ცნობა გავრცელდა იმ ახალი ამბების ფონზე, რომლის თანახმადაც, ტოკიომ ბერლინს რუსული დაჯგუფება Qilin-ის წევრი გადასცა. იაპონიის ხელისუფლებამ 28 წლის რუსეთის მოქალაქე მაისში დააკავა. მას 2024 წლის სექტემბერში გერმანიის ლოგისტიკურ კომპანიაზე კიბერთავდასხმაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად. Qilin არის გამოსასყიდის მომთხოვნი მავნე პროგრამა (ransomware), რომელსაც ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული ჰაკერებიც იყენებენ.

რუსეთის ხელისუფლება დაკავებულ უცხოელებს საზღვარგარეთ დევნილი რუსების გასაცვლელად იყენებს. მაგალითად, 2023 წელს რუსეთში ჯაშუშობაში The Wall Street Journal-ის კორესპონდენტი ევან გერშკოვიჩი დაადანაშაულეს. სასამართლომ მას 16 წლით კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა. გერშკოვიჩი 2024 წელს დასავლეთის ქვეყნებთან პატიმართა გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, რუსეთისა და იაპონიის ურთიერთობები კურილის კუნძულებზე პუტინის პირველი ვიზიტის შემდეგ გაუარესდა.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტოშიმიცუ მოტეგიმ იაპონიაში რუსეთის ელჩი ნიკოლაი ნოზდრიოვი დაიბარა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კურილის კუნძულებზე ვიზიტთან დაკავშირებით “მკაცრი პროტესტი” გამოხატა.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, მოტეგიმ ელჩთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ პუტინის ვიზიტი “უკიდურესად ნეგატიურ გავლენას მოახდენს იაპონია-რუსეთის ურთიერთობებზე”, რომლებიც უკვე გართულებულია მოსკოვის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო.

რუსეთ-იაპონიის ურთიერთობებში სადავო კუნძულების საკითხი დიდი ხანია ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. იაპონიაში მათ ჩრდილოეთის ტერიტორიებს უწოდებენ. კუნძულები საბჭოთა კავშირმა 1945 წელს დაიკავა.

“ჩრდილოეთის ტერიტორიები როგორც ისტორიულად, ისე საერთაშორისო სამართლის მიხედვით, იაპონიის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია” – განუცხადა ჟურნალისტებს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ.

მისი თქმით, პუტინის ვიზიტი “იაპონელი ხალხის გრძნობებს შეურაცხყოფს და სრულიად მიუღებელია”. მან ასევე აღნიშნა, რომ ვიზიტმა “საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ურთიერთობების აღდგენა კიდევ უფრო გაართულა”.

იტვირთბა....