აზერბაიჯანის მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველს, სარალ ოქთაის აგრესიულ საინფორმაციო კამპანიაში მონაწილეობაში და ცილისწამებაში ადანაშაულებს.
აზერბაიჯანის მმართველი პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქეთში არაერთი მედიასაშუალება და სოციალური ქსელის პლატფორმა, მათ შორის თურქეთის მმართველ პარტიასთან სიახლოვით ცნობილი საინფორმაციო რესურსები, უკვე დიდი ხანია, ავრცელებს აზერბაიჯანის შესახებ მცდარ, მიკერძოებულ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას, რის გამო აუცილებელია მკაფიო პოზიციის გამოხატვა.
აზერბაიჯანის მმართველი პარტიის განცხადების თანახმად, ბაქო, უპირველეს ყოვლისა, კატეგორიულად უარყოფს აზერბაიჯან-ისრაელის ურთიერთობების განზრახ დამახინჯების, ამ კავშირების „განსაკუთრებულად“ წარმოჩენისა და მათი აზერბაიჯანის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრალდებების საფუძვლად გამოყენების მცდელობებს.
განცხადების თანახმად, ილჰამ ალიევმა უმაღლესი საერთაშორისო ტრიბუნებიდან არაერთხელ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მხარს უჭერს პალესტინის საკითხის გადაწყვეტას საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს შესაბამისი რეზოლუციების საფუძველზე, „ორი სახელმწიფოს“ პრინციპის გათვალისწინებით, სადაც აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქია.

