ევროკავშირმა 2026 წლის დასაწყისიდან 21.3 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული ენერგეტიკული რესურსი შეიძინა, ხოლო 2022 წლიდან დღემდე – სულ 320.7 მილიარდი დოლარის, – ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა.
მისივე თქმით, სანქციების შეზღუდვების მიუხედავად, რუსეთიდან ევროკავშირისთვის ენერგომომარაგება ზოგიერთ სფეროებში კვლავ გრძელდება.
ამასთან, ნოვაკმა რუსეთს „საიმედო მიმწოდებელი“ უწოდა, რომელიც კონტრაქტით ნაკისრ ვალდებულებებს ყოველთვის ასრულებს.
„2026 წელზე თუ ვისაუბრებთ, მაშინ სულ რაღაც ცხრა თვეში, ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ევროპას უკვე მიეწოდა 21,3 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსი. ეს ნიშნავს, რომ სანქციების შეზღუდვების მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ ენერგორესურსების მიწოდებას გარკვეულ სფეროებში, რომლებისთვისაც გამონაკლისები დაშვებულია. რუსეთი, როგორც საიმედო მიმწოდებელი, რომელიც ყოველთვის ასრულებდა ხელმოწერილ კონტრაქტებს, აგრძელებს თავისი კონტრაქტების შესრულებას. დიახ, ჩვენი ბრალი არ არის, რომ ევროკავშირში ექსპორტის თანაფარდობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუმცა, ჩვენ ვაწვდით იმას, რაც ჩვენს ევროპელ კოლეგებს სურთ“, – განაცხადა ნოვაკმა.
როგორც რუსეთის ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რუსეთმა უკვე გადაამისამართა თავისი ექსპორტის უმეტესი ნაწილი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ბაზრებზე და აგრძელებს მეგობარ ქვეყნებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარებას.
მისივე თქმით, აშშ-ის სანქციების მოხსნის შემდეგ უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსული დიზელის საწვავის გლობალურ ბაზრებზე მიწოდების გაზრდაზე. ნოვაკმა აღნიშნა, რომ დამატებითი ექსპორტი, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს გლობალური ენერგეტიკული ბაზრების სტაბილიზაციას.
„სანქციები ადრეც მოქმედებდა. ისინი ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა ექვსი თვით გააუქმეს და მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს ჩვენს კომპანიებსა და რუსული ნედლეულის მყიდველებს, ასევე რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროსა და აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტს შორის. ამიტომ, ახლა ჩვენ შეგვიძლია, დამატებითი მარაგები მივაწოდოთ გლობალურ ბაზრებს, მათ შორის, შეერთებულ შტატებს, სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით, რომელიც ამჟამად საკმაოდ რთულია“, – აღნიშნა ნოვაკმა.
ცნობისთვის, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა და მასთან რუსული დიზელის საწვავის შეერთებული შტატებისა და მსოფლიო ბაზრებისთვის მიწოდებაზე შეთანხმებას მიაღწია.

