ფინეთი გამოვიდა ინიციატივით, რომლის მიხედვითაც, სანამ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომს აგრძელებს, ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა სრულად უნდა აკრძალოს.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ ევროკომისიამ რუსეთის მოქალაქეთა სავიზო განაცხადების განხილვის სახელმძღვანელო პრინციპები უნდა გაამკაცროს და საკანონმდებლო ცვლილებები წარადგინოს, რომლებიც ევროკავშირის მასშტაბით ამგვარი აკრძალვის დასაწესებლადაა საჭირო.
ვალტონენის თქმით, სანამ რუსეთი უკრაინაში უკანონო შეჭრას განაგრძობს, რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზები არ უნდა გაიცემოდეს.
“დაუშვებელია, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეეძლოთ ევროპაში მოგზაურობა აქაური ცხოვრების წესითა და თავისუფლებით დასატკბობად იმ დროს, როდესაც მათი ქვეყანა უკრაინელთა სახლებს ბომბავს”. – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მთავრობის 2022 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე, ფინეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურიზმისა და სხვა არაარსებითი მიზნით მოგზაურობისთვის ვიზების გაცემა შეწყვიტა. ვალტონენის თქმით, იგივე შეზღუდვა ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე უნდა ამოქმედდეს.
ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, შენგენის ზონის ქვეყნებმა 2025 წელს რუსეთის მოქალაქეებზე თითქმის 500 000 ტურისტული ვიზა გასცეს.
ფინეთის პოზიციის მიხედვით, ცალკეული წევრი სახელმწიფოების მიერ დაწესებული შეზღუდვები არასაკმარისია, რადგან ერთი ქვეყნის მიერ გაცემული შენგენის ვიზა მის მფლობელს, როგორც წესი, უვიზო სივრცის უმეტეს ნაწილში გადაადგილების უფლებას აძლევს.
ვალტონენმა ევროკავშირის სხვა ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა, შეუერთდნენ ერთობლივ მიმართვას, რომელიც ევროკომისიისგან ერთიანი მიდგომის შემუშავებას მოითხოვს.
ფინეთის პრემიერმინისტრმა პეტერი ორპომ, ასევე აღნიშნა, რომ ამ ინიციატივის წამოყენებას ევროპული საბჭოს მომავალ სხდომაზე გეგმავს.
“ერთი კონკრეტული ზომა, რომელსაც ევროპული საბჭოს მომავალი კვირის სხდომაზე წარვადგენ, არის ის, რომ ევროპამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტოს”, – განუცხადა ორპომ ფინურ სამაუწყებლო კომპანიას.
მან აღნიშნული ინიციატივა ევროპის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან სავარაუდო დივერსიულ ოპერაციებს საკითხს დაუკავშირა.
“რატომ უნდა შემოვუშვათ ისინი ევროპის ტერიტორიაზე ტურისტებად, სადაც მათ თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ?” – განაცხადა ორპომ.
ინიციატივა ტურისტულ და სხვა არაარსებით მოგზაურობას ეხება. იგი ავტომატურად არ კრძალავს შესვლას ჰუმანიტარული საფუძვლით, ოჯახური მიზეზებით ან იმ რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც პოლიტიკური დევნისგან თავშესაფარს ეძებენ.
ჰელსინკი ასევე ვლადიმირ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრებისთვის და იმ პირებისა თუ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფებიან, შენგენის ვიზების აკრძალვას ითხოვს.
წერილი შეიცავს კრემლთან მჭიდრო კავშირში მყოფი რუსი ათლეტებისა და სპორტული გუნდების წევრებისთვის შეზღუდვების დაწესების წინადადებას. ფინეთს ასევე სურს, რომ ევროკავშირმა ქმედითად აღასრულოს შეთანხმებული აკრძალვა ქვეყანაში შესვლაზე იმ მოქმედი და ყოფილი რუსი სამხედროებისთვის, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ.
ევროკომისიამ მანამდე წამოაყენა ინიციატივა, აეკრძალოს შესვლა პირებს, რომლებიც უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ.
კომისიის არგუმენტით, ევროპა მიუწვდომელი უნდა დარჩეს მათთვის, ვინც მოსკოვის ომს შეუერთდა.
ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა და რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ რუსი ვეტერანები უსაფრთხოებისთვის პოტენციურ რისკად შეაფასეს, განსაკუთრებით იმ ბრალდებების ფონზე, რომ მოსკოვი ადამიანებს ევროპის მასშტაბით დივერსიებისა და თვალთვალის ოპერაციების შესასრულებლად იბირებს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ, მანამდე განაცხადა, რომ ევროკავშირს ყოფილ სამხედროთა იდენტიფიცირებისა და შავ სიაში შეყვანის კოორდინირებული სისტემა სჭირდება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ბუჩადან ბრიუსელამდე გზა არ არსებობს”.
ევროკავშირის მასშტაბით ტურისტული ვიზების აკრძალვის გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმებასთან ერთად ბლოკის საერთო სავიზო წესებში ცვლილებების შეტანასაც მოითხოვს.

