ახალი პოლიტიკური ძალის დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, მას აქამდე შემოთავაზებები წინა ხელისუფლებიდანაც ჰქონდა და ახლანდელისგანაც,- ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პირველის“ ერთ-ერთ გადაცემაში ინტერვიუსას განაცხადა.
„სააკაშვილის, პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს იყო შემოთავაზება. დამირეკა ერთ-ერთმა ძალიან ბრწყინვალე პიროვნებამ, რომლის ვინაობასაც ვერ დავასახელებ, ძალიან დიდი ხანი მესაუბრა, რომ როგორმე გადავსულიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში, ეს იყო ზუსტად ნოემბრის შემდეგ. მე მაშინ საზღვარგარეთ დავდიოდი. მითხრეს, რომ სულ 40 დღე დაგვჭირდებით და მერე იარეთ საზღვარგარეთო. ძალიან კარგი შემოთავაზება იყო. მე ვუთხარი არა, დიდი მადლობა-მეთქი. შემდეგ ბატონ ბიძინასთან მქონდა საუბარი და მისგანაც იყო მსგავსი შემოთავაზებები, საუბარიც გვქონდა. ეს იყო 2012 წლის არჩევნებამდე. ჩვენ შევხვდით რამდენიმეჯერ პარიზის კონცერტთან დაკავშირებით, უწმინდესის ნაწარმოები სრულდებოდა და მაგ დროს იყო მაგაზე საუბარი. შემდეგ ჩვეულებრივად გადავწყვიტეთ, რომ არ იყო ახლა მაგის საჭიროება“ – განაცხადა ბურჭულაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა რეაქცია ჰქონდა ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს მის მიერ გაჟღერებულ კრიტიკაზე, მან უპახუსა, რომ არ იცის, რადგან მას არ შეხვედრია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ოფიციალურად დააფუძნა.