ლატვიის ტელევიზიის ცნობით, ოქტომბრის დასაწყისში ლატვია-ბელარუსის საზღვარზე ნიღბიანი პირების უკანონოდ შეჭრის ინციდენტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება Черные русы-მ (“შავი რუსები”) აიღო.
ტელეგრამ არხზე გავრცელდა ერთწუთიანი ვიდეო, რომელშიც მოსაუბრის სახე დაფარულია, ხმა – შეცვლილი, ხოლო ტიტრებში მითითებულია, რომ საუბრობს ნემანი, ჯგუფ Черные русы-ს წარმომადგენელი.
“ჩვენ ოფიციალურად ვიღებთ პასუხისმგებლობას ლატვია-ბელარუსის საზღვარზე, კრასლავის მხარის კაპლავის თემში მომხდარ ინციდენტზე.
ვადასტურებთ, რომ 5-6 ოქტომბრის ღამეს Черные русы-ს სამი აქტივისტისგან შემდგარმა ჯგუფმა გადაკვეთა საზღვარი და ლატვიელ სამხედრო მოსამსახურეებს დაუპირისპირდა.
ამის შემდეგ მათ ლატვიის ტერიტორიაზე სოფელ მატულიშკის მიდამოებში განმეორებით შეაღწიეს, ვიდეოსამეთვალყურეო კამერები მოიპარეს, მოწყობილობები დააზიანეს და შეუმჩნევლები დარჩნენ”. – ნათქვამია ვიდეოში.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს Черные русы ბელარუსის მოსაზღვრე სახელმწიფოების წინააღმდეგ დივერსიებს გააგრძელებს.
“ეს იყო ლატვიელების გამოცდა, რომელიც მათ ვერ ჩააბარეს. მალე მსგავს რამეს ჩვენი საზღვრის სხვა მონაკვეთებზეც იხილავთ. ევროკავშირი და NATO თიხის ფეხებზე მდგარი კოლოსია, რომელიც ჩვენი პირველივე დარტყმის შემდეგ ჩამოიშლება”. – განაცხადა დაჯგუფების წარმომადგენელმა.
ლატვიის თავდაცვის მინისტრმა რაივის მელნისმა ლატვიის ტელევიზიის გადაცემა Šodienas jautājums-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინციდენტის დროს სამხედრო მოსამსახურეებმა პროფესიონალურად იმოქმედეს.
მისი თქმით, ჯარისკაცებს სამსახურებრივი იარაღის თავდაცვისთვის გამოიყენებისა და ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლის გაკეთების უფლება აქვთ.
მელნისი მიიჩნევს, რომ არალეგალურ მიგრაციასთან საბრძოლველადა მიმართული ოპერაცია Vilkatis, შედეგს იძლევა, რადგან ახლა ბელარუსს უწევს მიგრანტების ლატვიის ტერიტორიაზე შეყვანა და არა უბრალოდ დამოუკიდებლად შეღწევის ნების დართვა.
მელნისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელარუსული მხარის ქმედებები უკვე ორგანიზებულ დანაშაულს უტოლდება, ვინაიდან გამოიყენება გარე ძალა და ზიანდება ქვეყნის ინფრასტრუქტურა.
მინისტრის თქმით, ლატვიამ უფრო გადამჭრელად უნდა იმოქმედოს და მხარი დაუჭიროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას არალეტალური იარაღის გამოყენების შესახებ, რათა საზღვრის დამრღვევთა შეჩერება უფრო ეფექტურად მოხდეს.
NATO-ს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრის დირექტორი იანის სარტსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ასეთი დაჯგუფება არ არსებობს და ვერც იარსებებს, ხოლო საზღვარზე მიმდინარე მოვლენები სპეცსამსახურების მიერ წარმოებული საინფორმაციო ოპერაციაა.
“ის, რაც საზღვარზე ხდება, პირდაპირ კავშირშია როგორც ბელარუსის, ისე რუსეთის ხელისუფლებასთან. ის, რასაც ისინი ახლა იქ აწყობენ, წმინდა წყლის საინფორმაციო ოპერაციაა”, – განმარტა სარტსმა.
მან მიმდინარე მოვლენები ილუზიონისტის ფოკუსს შეადარა, რომელიც ერთი ხელით ფოკუსს აკეთებს, მეორეთი კი ყურადღებას ფანტავს.
ცნობისთვის, ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრის იანის დომბრავას განცხადებით, 5-6 ოქტომბერს ბელარუსიდან ლატვიის საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობისას, შეიარაღებული პირები ლატვიელ ჯარისკაცებს დაემუქრნენ.
დომბრავას თქმით, შეიარაღებული პირები არალეგალი მიგრანტების ჯგუფს ახლდნენ.

