უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ, კურსკის ოპერაციას წარმატებული მანევრი უწოდა. მისი თქმით, იმ პერიოდში რუსეთს პოკროვსკის მიმართულებით თითქმის 100 000-კაციანი დაჯგუფება ჰყავდა თავმოყრილი, ამიტომ უკრაინული ქვედანაყოფების იქ გადასროლა ვითარებას ვერ შეცვლიდა.
ამის შესახებ სირსკიმ BBC-ის უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში ისაუბრა.
სირსკის განცხადებით, 2024 წელს რუსეთმა სამხედრო მოსამსახურეებისთვის ფულადი ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაზარდა, ჯარის რაოდენობა შეავსო და ზაფხულის დასაწყისში შეტევები ფრონტის 13-ვე ოპერატიულ მიმართულებაზე წამოიწყო. მისი თქმით, ზოგიერთ მონაკვეთზე რუსეთის უპირატესობა უკრაინულ ძალებთან შედარებით 4.5-ჯერ, ზოგჯერ კი ექვსჯერაც კი იყო.
“ასეთ პირობებში, როდესაც რუსეთის ავიაცია საჰაერო უპირატესობას ფლობდა, ჩვენ მძიმე თავდაცვით ბრძოლებში ჩავერთეთ. აუცილებელი იყო მოწინააღმდეგის გეგმების ჩაშლა, რომელსაც ასეთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ჰქონდა.” – თქვა სირსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ ფრონტის მთელი ხაზი დეტალურად შეისწავლა და კურსკის მიმართულებით ოპერაციის ჩატარება გადაწყვიტა. თავდაპირველად სუმის მიმართულებით რუსეთს 26 000 სამხედრო ჰყავდა, თუმცა ხარკოვის მიმართულებით წარუმატებელი შეტევის შემდეგ მან სუმის მიმართულებიდან ძალებისა და საშუალებების ხარკოვში გადაყვანა დაიწყო. სირსკის შეფასებით, ამან რუსეთს მნიშვნელოვანი უპირატესობა ვერ მოუტანა და მისი ძალები სასაზღვრო ბრძოლებში გაიჭედა.
უკრაინის პრეზიდენტმა კურსკის მიმართულებით შეტევითი ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება დაამტკიცა.
სირსკის თქმით, ერთი თვის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტერიტორიის 1 273 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს. ამასთან, რუსეთი იძულებული გახდა, პოკროვსკის მიმართულების გარდა, ყველა ოპერატიულ-სტრატეგიულ მიმართულებაზე შეტევები შეეწყვიტა.
მისი თქმით, რუსეთმა კურსკის მიმართულებით დაახლოებით 70 000 სამხედრო გადაიყვანა, მათ შორის – საჰაერო-სადესანტო ძალების, საზღვაო ქვეითებისა და ყველაზე მომზადებული მოტომსროლელი ქვედანაყოფების წარმომადგენლები.
“ამან მოგვცა შესაძლებლობა, რეზერვები მოგვამზადებინა, ჩვენს ჯარებს ამოსუნთქვის საშუალება მისცემოდათ და მძიმე ბრძოლებში დანაკარგების მქონე ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობა აღგვედგინა. კურსკის ოპერაციამ ჩვენს ჯარებში მორალური განწყობის ამაღლებასაც დიდი ბიძგი მისცა.” – თქვა სირსკიმ.
ჟურნალისტმა სირსკის ჰკითხა, ხომ არ სჯობდა კურსკის ოპერაციისთვის გამოყოფილი რესურსების აღმოსავლეთ ფრონტის თავდაცვისთვის გამოყენება, რადგან ამ პერიოდში რუსეთის ძალებმა პოკროვსკისკენ სწრაფი წინსვლა შეძლეს.
სირსკიმ ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა. მისი თქმით, კურსკის ოპერაციის შეტევით ფაზაში მხოლოდ სამი არასრულად დაკომპლექტებული საჰაერო-სადესანტო მოიერიშე ბრიგადა და ორი მოიერიშე ბატალიონი მონაწილეობდა.
სირსკის განმარტებით, ოპერაციაში მეორე ეშელონის სხვა ქვედანაყოფებიც მონაწილეობდნენ, რომელთა ამოცანა დაკავებული ტერიტორიის გამაგრება და შენარჩუნება იყო. ისინი მხოლოდ 60-70%-ით იყვნენ დაკომპლექტებული და წინ ძირითადად მოიერიშე ბრიგადების კვალდაკვალ მიიწევდნენ.
მისი თქმით, ორი ბრიგადა ოპერაციისთვის ერთი თვის განმავლობაში ემზადებოდა, ხოლო მესამე – 95-ე ბრიგადა – ტორეცკის მიმართულებით მძიმე ბრძოლების შემდეგ გამოვიდა ფრონტის ხაზიდან და ბრძოლისუნარიანობის აღსადგენად ძალიან ცოტა დრო ჰქონდა.
“ფაქტობრივად, შეტევაში სრულად მხოლოდ ერთი ბრიგადა მონაწილეობდა. ორი ბრიგადა თავდაპირველად ორ-ორი ბატალიონით მოქმედებდა, შემდეგ კი, აღდგენის შემდეგ, მათ მესამე ბატალიონიც შეუერთდა.” – აღნიშნა სირსკიმ.
მისი თქმით, პოკროვსკის მიმართულება ორ მონაკვეთად განიხილებოდა – დობროპილიესა და პოკროვსკის მიმართულებებად. ამ ტერიტორიაზე რუსეთს თითქმის 100 000-კაციანი დაჯგუფება ჰყავდა თავმოყრილი.
“ამ ორი ბრიგადის და მოგვიანებით კიდევ ერთი ბრიგადის გამოყენება პოკროვსკის მიმართულებით ვერანაირ როლს ვერ ითამაშებდა, მათი ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.” – აღნიშნა სირსკიმ.
მისი თქმით, კურსკის მიმართულებით რუსეთის თავდაცვა გაცილებით სუსტი იყო. სახელმწიფო საზღვრის დაცვის ქვედანაყოფები ძირითადად სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცებით იყვნენ დაკომპლექტებული და ფრონტის ხაზზე გაწელილად იყვნენ განლაგებული. სირსკის თქმით, ზოგიერთი ბატალიონი 10-კილომეტრიან, ზოგი კი 12-კილომეტრიან მონაკვეთებს აკონტროლებდა. მისივე თქმით, სწორედ ამან მისცა უკრაინულ ძალებს მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევის შესაძლებლობა.
სირსკიმ აღნიშნა, როდესაც რუსეთმა კურსკის მიმართულებით დამატებითი ძალების გადასროლა დაიწყო, ეს ქაოტურად ხდებოდა, რადგან რუსეთის მხარეს პანიკა იყო. მისი თქმით, რუსული ქვედანაყოფები გადაყვანისთანავე ბრძოლაში ერთვებოდნენ და დიდ დანაკარგებს განიცდიდნენ.
სირსკის განცხადებით, რუსეთის მონაცემებით, კურსკის მიმართულებით ბრძოლის ცალკეულ დღეებში რუსული ძალების დანაკარგები უკრაინულ დანაკარგებს ხუთჯერ აღემატებოდა. მისი თქმით, ეს იმ პერიოდს ეხებოდა, როდესაც რუსული ქვედანაყოფები ნაჩქარევად გადადიოდნენ თავდაცვაზე.

