აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უიტკოფი და კუშნერი თვლიან, რომ რუსეთთან დიზელზე შეთანხმება მათ მოლაპარაკებებში დააბრუნებს

აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, მაიამიში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის დელეგაციასთან ირწმუნებოდნენ, რომ რუსეთთან დიზელის საწვავის შესახებ შეთანხმება კრემლს მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნებს. ამის შესახებ Reuters-ს სამმა წყარომ განუცხადა.

შეხვედრაზე კუშნერმა უკრაინელებს დონალდ ტრამპის მოთხოვნაც გადასცა – კიევმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები უნდა შეწყვიტოს.

“იდეა ის იყო, რომ აშშ რუსეთს დაუბრუნდებოდა და ეტყოდა: შეხედეთ, უკრაინელებმა დარტყმები შეწყვიტეს, ჩვენ ეს შეთანხმება უზრუნველვყავით. ახლა თქვენი ჯერია, რაღაც გააკეთოთ.” – განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ Reuters-ს.

სააგენტოს ორი წყაროს ინფორამციით, უიტკოფმა და კუშნერმა უკრაინელ წარმომადგენლებს უთხრეს, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის.

კრემლთან დაახლოებული წყაროს განცხადებით, პუტინი მოლაპარაკებების მაგიდას მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც “დონბასის დარჩენილ 11%-ს მიიღებს, რაც საშუალებას მისცემს, ეს ქვეყნის შიგნით გამარჯვებად წარმოაჩინოს”.

უიტკოფისა და კუშნერის უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრის ნაწილი უკრაინის აღდგენის ფონდებსა და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის გეგმების ოფიციალურად გაფორმების აუცილებლობას დაეთმო.

Reuters-ის წყაროების ცნობით, უკრაინელი წარმომადგენლები აშშ-ს მიდგომას სკეპტიკურად შეხვდნენ. მხარეებს ოფიციალური შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ, თუმცა უკრაინულმა დელეგაციამ მიანიშნა, რომ ენერგეტიკულ ზავზე თანახმა იქნებოდა, თუ რუსეთიც იმავე პირობებს დაიცავდა.

9 ოქტომბერს ტრამპი პუტინს ტელეფონით ესაუბრა, რის შემდეგაც “დიზელის შეთანხმების” შესახებ გამოაცხადა. შეთანხმების ფარგლებში რუსეთმა დიზელის საწვავი აშშ-სა და მსოფლიო ბაზრებს უნდა მიაწოდოს. შეთანხმების მიხედვით, რუსეთს აშშ-სთვის დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნა 300 000 მეტრულ ტონა დიზელის საწვავი (დაახლოებით 2.25 მილიონ ბარელი), რასაც ნოემბერში 500 000 ტონა, ცოტა ხნის შემდეგ კი 1 მილიონი ტონა დაემატება. წლის ბოლოსთვის ექსპორტის მოცულობამ, შესაძლოა, თვეში 3–3.5 მილიონ ტონას მიაღწიოს. ტრამპმა გადაწყვეტილება აშშ-ში საწვავის ფასების ზრდის ფონზე მიიღო. თუმცა ეკონომისტების შეფასებით, დაუყოვნებლივ მისაღები დიზელის მარაგი ერთი სრული დღის სამყოფიც კი არაა და საბაზრო ფასზე გავლენას ვერ იქონიებს.

იმავე დღეს უკრაინის წარმომადგენლები მაიამიში უიტკოფსა და კუშნერს შეხვდნენ. მოლაპარაკებები 9 და 10 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრები დაგეგმილზე ადრე, პირველივე დღეს დასრულდა.

იტვირთბა....