ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე ლიტვის პრემიერმინისტრს, მინდაუგას სინკევიჩიუსს, ჰკითხეს, როგორ უნდა დაიცვან ევროპის ქვეყნებმა არჩევნები უცხოური ჩარევისგან. LRT-ს ცნობით, ის ამის გარანტად რუსულ მონაცემთა ცენტრებზე იერიშებს ხედავს.
“ვფიქრობ, ბატონ ზელენსკის უნდა ვთხოვოთ, რუსეთში მეტ მონაცემთა ცენტრს დაარტყას და ეს, შესაძლოა, დაგვეხმაროს.” – თქვა სინკევიჩიუსმა.
გამოსვლისას ლიტვის პრემიერმა ევროპულ ქვეყნებს თავდაცვაში ინვესტიციების გაზრდისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისკენაც მოუწოდა. მისი თქმით, ევროპამ უკრაინის გამოცდილებიდან უნდა ისწავლოს.
“რაც უფრო მეტს გავაკეთებთ ერთად – ინფორმაციის გაცვლით, ერთობლივი შესყიდვებით, ერთობლივი წარმოებითა და ერთობლივი წვრთნებით – მით უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით.” – აღნიშნა მან.
სინკევიჩიუსმა ლიტვისა და NATO-ს მთავარ პრიორიტეტებს შორის საჰაერო თავდაცვა, უპილოტო საფრენი აპარატებისგან დაცვა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლა დაასახელა.
ბოლო ოთხი დღის განმავლობაში უკრაინულმა დრონებმა რუსეთში იანდექსის სამი მონაცემთა ცენტრი დააზიანეს. დამოუკიდებელი რუსული მედია Meduza-ს ცნობით, კომპანიის სერვისები ამ დრომდე არ მუშაობს.
რუსული გამოცემა კომერსანტის ინფორმაციით, დაზიანებული აღჭურვილობის ჩანაცვლებას დაახლოებით ექვსი თვე დასჭირდება. პროცესი ძვირიც იქნება – სანქციებისა და გამოთვლითი სიმძლავრეების გლობალური დეფიციტის გამო.

