კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინი მზად არის, გასცეს ბრძანება, რომ უშუალოდ არჩევნების დღეს უკრაინაზე დარტყმები არ განხორციელდეს.
პესკოვის თქმით, აშკარაა, რომ კიევს არჩევნების ჩატარება რეალურად არ სურს. ამასთან, კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთი მოკლევადიან ზავს გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევას ამჯობინებს.
„პრეზიდენტს ამის შესახებ ადრეც უსაუბრია, თუმცა ამ შემთხვევაში, მისი სახელით, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, განვაცხადო, რომ თუ კიევს არჩევნების ჩატარება რეალურად სურს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი მზად იქნება, გასცეს ბრძანება, რომ უკრაინაზე დარტყმები არ განხორციელდეს არჩევნების დღეს. სწორედ არჩევნების დღეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დაზუსტებაა“, – თქვა კრემლის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, ეს რუსეთის ხელისუფლების პირველი ოფიციალური კომენტარია მას შემდეგ, რაც კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მოსკოვი და კიევი „ენერგეტიკულ ზავზე“ შეთანხმდნენ. ტრამპს დეტალები არ დაუკონკრეტებია. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მხარს უჭერს ზავის იდეას, თუ მას რუსეთიც დათანხმდება.

