აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ს სენატორების ჯგუფი რუსულ დიზელზე ტრამპის გადაწყვეტილებას კანონსაწინააღმდეგოს უწოდებს

ოთხმა რესპუბლიკელმა და სამმა დემოკრატმა სენატორმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ში რუსული დიზელის იმპორტის დაშვების გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გაუქმებისკენ მოუწოდა.

“კონგრესმა 2022 წელს მკაფიოდ აკრძალა რუსული ენერგორესურსების იმპორტი, რათა ამერიკული ფულით უკრაინის წინააღმდეგ პუტინის სასტიკი ომი არ დაფინანსებულიყო. კონგრესის პოზიცია ნათელი იყო: აშშ-მ რუსული ნავთობი არ უნდა შეიძინოს, სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას არ შეწყვეტს და NATO-ს მოკავშირეების მუქარაზე უარს არ იტყვის.” – ნათქვამია განცხადებაში.

სენატორების თქმით, ტრამპის გადაწყვეტილება ამ კანონს პირდაპირ ეწინააღმდეგება. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ადმინისტრაციას კონგრესთან კონსულტაცია არ გაუვლია და გადაწყვეტილების დასასაბუთებლად კანონით მოთხოვნილი განმარტება არ წარუდგენია.

“აშშ-მ პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს, სანამ რუსეთი უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეებს კლავს. ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს კურსი.” – წერენ სენატორები.

განცხადებას ხელს აწერენ რესპუბლიკელები სიუზან კოლინზი, ლიზა მურკოვსკი, ტომ ტილისი და ჯონ კერტისი, ასევე დემოკრატები ჯინ შაჰინი, რიჩარდ ბლუმენთალი და რონ უაიდენი.

ცნობისთვის, 9 ოქტომბერს აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ გასცა გენერალური ლიცენზია, რომელიც რუსული წარმოშობის დიზელის გაყიდვასთან, მიწოდებასთან, გადმოტვირთვასა და აშშ-ში იმპორტთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს დასაშვებს ხდის.

ხოლო 11 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მანვე მხარეებს შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდა.

როგორც გამოცემა Axios წერდა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათ განუცხადა, რომ ტრამპის განცხადება ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ “მისთვის სიახლე იყო, მაგრამ თუ რუსები ენერგეტიკულ ცეცხლის შეწყვეტას თანხმდებიან, უკრაინაც დათანხმდება”. 

მანამდე, 10 ოქტომბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას მოუწოდა, პრეზიდენტი ზელენსკი ისეთი პირით ჩაანაცვლონ, რომელიც ომის დასასრულებლად რუსეთთან შეთანხმების დადებას ისურვებს.

ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ზელენსკის რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშების შეწყვეტა მოსთხოვა. მისი მტკიცებით, ზელენსკის ქმედებები ამერიკელ ფერმერებს აზარალებს.

“ჯობია, ეს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.” – აღნიშნა ტრამპმა.

მოგვიანებით, ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა მზად არის დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯების გადასადგმელად, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ნაბიჯები ორმხრივი იქნება.

იტვირთბა....