გამოცემა Financial Times ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებისა და PURL-ის მექანიზმით ამერიკული იარაღის მიწოდების შეჩერებით დაემუქრა, თუ კიევი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს არ შეწყვეტს.
FT-ს ცნობით, ამერიკელი მაღალჩინოსნები 10-11 ოქტომბერს კიევსა და ევროპის ქვეყნების დედაქალაქებს უკავშირდებოდნენ და რუსულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უკრაინის იერიშების შეწყვეტას ითხოვდნენ.
“ისინი კიევში რეკავენ… ისინი [ევროპაში] ყველას ურეკავენ.” – თქვა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელსაც აშშ-ს თავდაცვის უწყების წარმომადგენელი დაუკავშირდა.
ცნობისთვის, უკრაინისთვის პრიორიტეტულ საჭიროებათა სიის (PURL) პროგრამა NATO-ს მიერ მართული მექანიზმია, რომლის ფარგლებშიც უკრაინის მოკავშირეები კიევისთვის პრიორიტეტული ამერიკული იარაღის შესყიდვას აფინანსებენ. აშშ ამ მექანიზმში ფინანსურ კონტრიბუციას არ აკეთებს.

