დასავლურმა სადაზვერვო სააგენტოებმა თავდაცვის კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები გააფრთხილეს, რომ ისინი კრემლის სამიზნეს წარმოადგენენ. ხუთი სხვადასხვა ევროპული სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენელმა Financial Times-ს დაუდასტურა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები და განსაკუთრებით მისი სამხედრო დაზვერვა ევროპელი სამოქალაქო პირებისა და ბიზნესმენების ფიზიკურ განადგურებას გეგმავენ.
Financial Times-ის ცნობით, საფრთხის ქვეშ არიან არა მხოლოდ ისეთი გიგანტი სამხედრო კონცერნების ხელმძღვანელები, როგორიცაა Rheinmetall-ის დირექტორი არმინ პაპერგერი, არამედ შედარებით პატარა კომპანიების ხელმძღვანელებიც, რომლებიც უკრაინისთვის დრონებსა და მათ კომპონენტებს აწარმოებენ.
“უკრაინაში ბრძოლის ველზე ჩიხში შესვლისა და ეკონომიკური პრობლემების გამო, კრემლმა ევროპაში დივერსიული და ჰიბრიდული ოპერაციების გაფართოება გადაწყვიტა, რათა შეასუსტოს კიევის მხარდაჭერა. სადაზვერვო სამსახურების ცნობით, ევროპული სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ მკვლელობები, რომლებიც ოდესღაც ტაბუდადებულად ითვლებოდა რუსეთის სადაზვერვო სააგენტოებისთვისაც კი, ამ გეგმების მნიშვნელოვან ნაწილად იქცევა.” – წერს გამოცემა.

