ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

„ეს პროცესი შენიღბვით ხდებოდა“: აუდიტი ბურჭულაძის ფონდის გენერალურ შემოწმებას გეგმავს

ექსკლუზიური ინტერვიუ გენერალურ აუდიტორთან, ლაშა თორდიასთან

მას შემდეგ, რაც პაატა ბურჭულაძემ პარტიის შექმნის შესახებ განაცხადა, მისი ორგანიზაციის საქმიანობით სახელმწიფო აუდიტი დაინტერესდება. თუმცა, მარტში ბურჭულაძის ფონდმა აუდიტის სამსახურს მისწერა, რომ პოლიტიკური მიზნები არ ჰქონდა. რა ღონისძიებებს გაატარებს აუდიტის სამსახური ფონდის მიმართ, ამის შესახებ “მეტრონომი” გენერალურ აუდიტორს ლაშა თორდიას ესაუბრა.

“კანონმდებლობით, არის შესაბამისი ნორმა, რომელიც ითვალისწინებს იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს პირის აღიარება პოლიტიკური მიზნის მატარებლად. ჩვენ მათ მივმართეთ თხოვნით, რომ დარეგისტრირებულიყვნენ პოლიტიკურ სუბიექტად, თუმცა უარი განაცხადეს. ახლა, ვინაიდან ვიცით, რომ მათ აქვთ პოლიტიკური მიზანი, შესაბამისი ადმინისტრაციული შემოწმების შედეგად დადგინდება გავრცელდება თუ არა კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები იმ ფონდზე, რომელიც მანამდე არსებობდა. როგორც ვიცით ცალკე იქნება ფონდი და ცალკე პარტია, შესაბამისად ჩვენ ცალკე მონიტორინგს განვახორციელებთ, თუ რა დანახარჯები ჰქონდა “საქართველოს განვითარების ფონდს”.

„მეტრონომი“: რა სისტემით ახორციელებთ პოლიტიკური პარტიების ფინანსურ შემოწმებას?

ლაშა თორდია: ვალდებულება არის კანონმდებლობით, რომ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, თუ რა ხარჯებს გაწევენ, ასევე ხუთ დღეში ერთხელ უნდა წარმოადგინონ შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად თუ დავინახავთ, რომ ეს ხარჯები, რომლებიც მათ გააჩნიათ მაგალითად, ოფისის ქირავნობისთვის, ხელფასების გაცემისთვის და ის აღემატება შესაბამის შემოწირულობებს, ასეთ შემთხვევაში ჩნდება ეჭვი, რომ არის გარკვეული თანხები, რომლებიც დეკლარაციაში შეტანილი არ არის. ასევე შემოწირულობებთან დაკავშირებით ვამოწმებთ, რამდენად შეეძლო ამა თუ იმ პირს შემოწირულობის განხორციელების შესაძლებლობა.

– აუდიტის სამსახურს რა მექანიზმები აქვს იმისთვის, რომ მანამდე დახარჯული თანხების წარმოამვლობა შეამოწმოს?

– ჩვენ უნდა გავარკვიოთ, არის თუ არა დაკავშირებული აღნიშნული ფონდის საქმიანობა პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც ახლახანს ჩამოყალიბდა. მაგალითად, ფონდიდან ხომ არ ფინანსდება ის ოფისები, რომლის გახსნასაც ვადევნებდით თვალყურს მთელი ამ განვლილი პერიოდის მანძილზე. ასევე ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან, ხომ არ იღებენ ხელფასს ამ ფონდის ბიუჯეტიდან. ეს კავშირები უნდა დადგინდეს. მოგეხსენებათ კანონმდებლობა შეიცვალა და დაკავშირებული პირები აღარ არიან, 2012 წლამდე დაკავშირებული პირები არსებობდნენ. 2012 წლის სააკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის გათვალისწინებული პირები არსებობენ. ამ შემთხვევაში უნდა დავამტკიცოთ, რომ განვითარების ფონდი აფინანსებს იმ პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც შექმნა პაატა ბურჭულაძემ.

რამდენი თვის მონაცემებს გამოითხოვთ ფონდიდან, ინფორმაციის გამოთხოვა ფონდის შექმნის დღიდან მოხდება?

– დაახლოებით ერთი თვის წინ მივმართეთ ფონდს, რომ დარეგისტრირებულიყო ჩვენთან. ვფიქრობთ, რომ განვლილი ორი თვის მონაცემები გამოვითხოვოთ, მაშინ როდესაც აქტიურად ხდებოდა ოფისების გახსნა. ანუ მიდიოდა ის პროცესები, რომლებიც ჩვენი აზრით, უკავშირდებოდა პოლიტიკურ მიზნებს. ერთი თვის წინ მათი მხრიდან არაკეთილსინდისიერად ძალიან კატეგორიული უარი მივიღეთ ჩვენთან რეგისტრაციაზე. ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი ფორმით პოლიტიკაში შემოსვლა, ვინაიდან, ის თამაშის წესები, რომლებიც არსებობს უნდა დაემორჩილო. ჩვენი მიზანი არის, იყოს გამჭვირვალე და ობიექტური წინასაარჩევნო პროცესი, ეს პრინციპი მათი მხრიდან პირველივე ჯერზე დარღვეულია. ეს ცალსახაა, რადგან ერთი თვის წინ უკვე განვაცხადეთ, რომ თვითონ თავისი ნებით დარეგისტრირებულიყვნენ ჩვენთან სამსახურში.

ძალისხმევა ობიექტური წანასაარჩევნო გარემოს შექმნის უნდა იყოს ორივე მხრიდან, არა მხოლოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უნდა იყოს მოტივირებული, რომ ობიექტური წინასაარჩევნო გარემო იყოს, არამედ თვითონ პარტიებიც. თუ პარტიები ამ ძალისხმევას არ განახორციელებენ, მოგვიწევს გარკვეულ სანქციებს მივმართოთ. რაც არ არის სასურველი, რადგანაც შემდგომ ხდება იმაზე აპელირება, რომ ჩვენ ვზემოქმედებთ პოლიტიკურ სუბიექტებზე. ჩვენს მიზანს სანქცირება არ წარმოადგენს, ჩვენი მიზანია კომპრომისული ნაბიჯები გადაიდგას.

– რომელიმე პარტია თუ არ თანამშრომლობს თქვენთან მათ სანქცირებაზე თუ ფიქრობთ?

– ნორმალური თანამშრომლობის რეჟიმი გვაქვს პოლიტიკურ პარტიებთან, მაგალითად ჩერნოვეცკის ფონდთან, როდესაც დავუკავშირდით მათ და ავუხსენით რა იყო საჭირო, რომ კანომდებლობა არ დაერღვიათ, ისინი თანამშომლობაზე წამოვიდნენ, თვითონ დარეგისტრირდნენ, ანუ მათთან პრობლემა არ გვქონია.

ასევე იყო “გირჩის” შემთხვევაშიც. აგზავნიან ყველა ფინანსურ დოკუმენტაციას, რომელიც უკავშირდება შემოწირულობებსა და ხარჯებს. პირადად ვესაუბრე რამდენიმე დღის წინ გიორგი ვაშაძესაც იმისთვის, რომ მანაც არ დაარღვიოს კანონმდებლობა, ანუ ეს არის ჩვეულებრივი თანამშრომლობის რეჟიმი, როდესაც მეორე მხარე გამოხატავს ნებას, რომ არ დაარღვიოს კანონი. პაატა ბურჭულაძის შემთხვევაში იყო კონფრონტაციული დამოკიდებულება ჩვენთან მიმართებაში. თუმცა, მათ უკვე გამოხატეს ჩვენთან შეხვედრის სურვილი და დღეს ორ საათზე აუდიტის სამსახურში მოვლენ და შესაბამის სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ. ამის მიუხედავად მაინც ვფიქრობთ, რომ ამ ფონდთან დაკავშირებით მაინც იქნება კვლევები ჩასატარებელი.

– აუდიტის სამსახურს მოუწევს დამტკიცება, რომ თანხები გამოყენებულია პოლიტიკური მიზნებით, თუ ფონდს მოუწევს იმის მტკიცება, რომ თანხები არ არის გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის?

– უნდა დავამტკიცოთ, რომ “საქართველოს განვითარების ფონდის” მიერ ოფისების დაქირავება, ხელფასები და სხვადასხვა დანახარჯები დაკავშირებული იყო ამ პოლიტიკური სუბიექტის შესაქმნელად და პოლიტიკური მიზნის მისაღწევად. კანომდებლობაში ცალსახად წერია, რომ უნდა ჰქონდეს გაცხადებული პოლიტიკური მიზანი, ფონდს უნდა ეთქვა, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდა, ვინაიდან არ ჰქონდა ეს ნათქვამი, ეს პროცესი შენიღბვით ხდებოდა, არ იყო გაცხადებული მიზანი, რომ პოლიტიკაში მოსვლას აპირებდნენ. ერთი თვის წინ ვერ შევძელით მათი მხირდან ამ მიზნის დადასტურება და სულ ახლახანს  განაცხადეს, რომ პოლიტიკაში ერთვებიან.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....