ჰუსიტებმა ერ-რიადის აეროპორტზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც საუდის არაბეთის 3 მოქალაქე დაიღუპა, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
საუდის არაბეთის ხელისუფლების განცხადებით, ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა მათ ქვეყანაზე სარაკეტო დარტყმები გააძლიერეს და საუდის არაბეთის საჰაერო ცის დაკეტვა სცადეს – კონფლიქტის ესკალაციის ფონზე.
Reuters-ის ცნობით, ჰუსიტების თავდასხმამ ავიაკომპანია Saudia Airlines-ის თვითმფრინავიც დააზიანა, აეროპორტის თავზე კი დაკვამლიანება იყო. ამ დროისთვის, აეროპორტის მუაობა განახლდა და საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.
თავად ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ ერ-რიადის აეროპორტს 2 ფრთოსანი რაკეტით შეუტიეს.
ჰუსიტები იემენის ჩრდილოეთის ტერიტორიის დიდ ნაწილს აკონტროლებენ. მათ 2014 წელს დედაქალაქ სანაზე კონტროლი დაამყარეს, რასაც საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით სამხედრო კოალიციის ჩარევა მოჰყვა. რიადი ირანის გავლენის ზრდასა და იემენის საზღვართან არასტაბილურობას საფრთხედ მიიჩნევდა.
2022 წელს გაეროს შუამავლობით მიღწეულმა ზავმა ფართომასშტაბიანი ბრძოლები მნიშვნელოვნად შეამცირა, თუმცა კონფლიქტის საბოლოო პოლიტიკური მოგვარება ვერ მოხერხდა. ბოლო პერიოდში ირანთან დაკავშირებულმა კონფლიქტმა იემენში ბრძოლების განახლება გამოიწვია.
საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია ჰუსიტებს ირანისგან იარაღის, წვრთნისა და ფინანსური მხარდაჭერის მიღებაში ადანაშაულებს.

