აშშ-ის საელჩო რუსეთში, ირკუტსკის რეგიონში “შავი ჭირის“ სავარაუდო შემთხვევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აკვირდება. მედიის ცნობით, დაავადებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რასაც საავადმყოფოების დახურვა და საკარანტინო ზომები მოჰყვა.
აშშ-ის საელჩომ ამის შესახებ განცხადება სამშაბათს გაავრცელა. საელჩო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს რუსეთში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. მე-4 დონის სამოგზაურო გაფრთხილება – “არ იმოგზაუროთ“ 2025 წლის 29 დეკემბერს გაიცა და მიზეზებად ტერორიზმის, არეულობის, უკანონო დაკავებისა და სხვა საფრთხეების რისკები დასახელდა.
სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე მოუწოდებს რუსეთში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს, ქვეყანა დაუყოვნებლივ დატოვონ.
“აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია პრესაში გავრცელებული ცნობების შესახებ ირკუტსკის ოლქიდან, სავარაუდო ჭირის შემთხვევაზე, რამაც ერთი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, ასევე ირკუტსკის საავადმყოფოებში გატარებულ საკარანტინო ღონისძიებებსა და მათ დახურვაზე. ჩვენ ყურადღებით ვაგრძელებთ სიტუაციაზე თვალყურის დევნებას.
აშშ-ის მთავრობას შეზღუდული შესაძლებლობები აქვს დაეხმაროს აშშ-ის მოქალაქეებს რუსეთში, განსაკუთრებით მოსკოვის გარეთ. აშშ-ის მთავრობის პერსონალს, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკების გამო, შესაძლოა დაუწესდეს დამატებითი შეზღუდვები კონკრეტულ რეგიონებში პირად თუ ოფიციალურ მგზავრობაზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის მე-4 დონის მოგზაურობის გაფრთხილება (ნუ იმოგზაურებთ) რუსეთისთვის ძალაში რჩება და აცხადებს, რომ აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ამჟამად რუსეთში იმყოფებიან, ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ. აშშ-ის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში გამგზავრებას გეგმავენ, კიდევ ერთხელ მკაცრად ეძლევათ რეკომენდაცია, არ იმოგზაურონ რუსეთში უკანონო დაკავების რისკისა და უსაფრთხოების პრობლემების გამო” – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, 2 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში ლაბორატორიის თანამშრომელი 28 წლის ქალი შავი ჭირით გარდაიცვალა.
ლაბორანტ დარია შიპილოვას 25 სექტემბერს გაუტყდა სინჯარა, რომელიც “შავი ჭირის“ ბაქტერიას შეიცავდა. ქალი 2 ოქტომბრის ღამეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ეპიდემიოლოგებმა გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფი 200-მდე პირი გამოავლინეს, რომელთაგან 189 მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

