ახალი ამბები მსოფლიო

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ორი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვის სეულში გადაყვანის შესახებ ინფორმაციის გავრცელების გამო მისმა ქვეყანამ უკრაინისგან ბოდიში მიიღო

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩო ჰიუნი აცხადებს, რომ ორი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვის სეულში გადაყვანის შესახებ ინფორმაციის გავრცელების გამო მისმა ქვეყანამ უკრაინისგან ბოდიში მიიღო.

მინისტრის თქმით, კიევის ბოდიში ოფიციალური სეულის მოლოდინებს არ აკმაყოფილებს.

„ამ საკითხთან დაკავშირებით მუდმივ კონტაქტზე ვიყავი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან და მან გამოხატა, თუ რამდენად რთულია სიტუაცია. სიბიგასგან მიღებული შეტყობინებები ბოდიშსაც შეიცავდა. თუმცა, ისინი არ აკმაყოფილებენ იმ დონეს, რასაც ველოდით, ამიტომ ვაპირებთ გადამწყვეტი ზომების მიღებას“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, სამხრეთ კორეის მთავრობა განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს, მათ შორის უკრაინაში სამხრეთ კორეის ელჩის პარკ ჰი-ჩანის გამოწვევის შესაძლებლობასაც.

ცნობისთვის, სეულმა კიევისგან ოფიციალური ახსნა-განმარტება და ბოდიში მოითხოვა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ თვეში გაეროში სიტყვით გამოსვლისას გაამხილა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში დატყვევებული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები უკრაინამ სამხრეთ კორეას გადასცა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, ლი ჯე-მიონგმა განაცხადა, რომ უკრაინამ მხარეებს შორის კონფიდენციალურობის შესახებ წინასწარ მიღწეული შეთანხმება დაარღვია. სეულის ოფიციალური ახსნა-განმარტებისა და ბოდიშის მოხდის მოთხოვნის საპასუხოდ, სიბიგამ სიტუაციას „დიპლომატიური გაუგებრობა“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ის მალე მოგვარდება.

იტვირთბა....