კულინარია

მეგრული ნამდვილი კუჭმაჭის რეცეპტი ზუგდიდელი მზარეულისგან

ამ კერძის მომზადების მთავარი სირთულე მის შეზავებაშია. საბოლოო ჯამში, თავად უნდა განვსაზღვროთ სანელებლის რაოდენობა, რომელსაც მოხარშულ გულ-ღვიძლს შევურევთ.

საჭირო მასალა:

1 კგ საქონლის გული, ღვიძლი, ფილტვი და ფაშვი

6-8 თავი ხახვი

მარილი და კუჭმაჭის სანელებელი – გემოვნებით

ქინძი და ბროწეული – ზემოდან მოსაყრელად

სანელებლისთვის

1-2 ცალი წიწაკა (წითელი, გამშრალი)

1 ს.კ. ქინძი (დასაფქვავი)

2 ს.კ. უცხო სუნელი

0,5 ჩ.კ. ქონდარი

5-8 კბილი ნიორი

1-2 ს.კ. მარილი

მომზადება:

შიგნეული გავრეცხოთ ძალიან კარგად, მოვათავსოთ დიდ ქვაბში, დავასხათ წყალი. შესაძლოა, წყლის ნაცვლად ცოტა ღვინო გამოვიყენოთ და ცეცხლზე შემოვდგათ. რომ მოიხარშება (ხარშვის დროს მოქაფვა აუცილებელია), გადმოვიღებთ და შეგრილებას ვაცლით.

მერე უნდა მოვიმარჯვოთ მჭრელი დანები და მოხარშული შიგნეულობა დავკუწოთ ან სასურველ ზომაზე დავჭრათ.

წინასწარ მზადდება სანელებელი (სუნელი) – წიწაკას გამოვაცალოთ თესლი და 30 წუთით ჩავყაროთ ანადუღარ და გაცივებულ წყალში, გადავწუროთ, დავუმატოთ ნიორი, მარილი და დავნაყოთ კარგად. მიღებულ მასას დავუმატოთ ქინძი, უცხო სუნელი, ქონდარი და ისევ დავნაყოთ. უნდა მივიღოთ პლასტილინის კონსისტენციის მასა. (შეიძლება ოდნავ სითხეც გაუჩნდეს).

ამ წესით, ოღონდ ქონდრის გარეშე მომზადებული აჯიკა შეგვიძლია ნებისმიერი ხორციანი კერძისთვის გამოვიყენოთ. ინახება მინის ქილაში დიდი ხნით. ამ სანელებლით შევაზავებთ კუჭმაჭის გამზადებულ მასალას – გულმოდგინედ და დინჯად, რადგან სუნელი ხორცის ყველა ნაწილს უნდა მოხვდეს.

ღრმა და სქელძირიან ქვაბში ავადუღებთ ქონს ან კარაქს, ჩავყრით შიგ ალყა-ალყა დაჭრილ ხახვს. როცა გაოქროსფრდება, ჩავუმატებთ ღვინოს, გამზადებულ ხორცის მასას, მოვურევთ და ქვაბის თავსახურს მჭიდროდ დავაფარებთ (ცეცხლი შეძლებისდაგვარად დაბალი უნდა იყოს). კარგად რომ გაცხელდება, მზადაა. მზა კერძს მოვაყრით წვრილად დაჭრილ ქინძს და ბროწეულს.

იტვირთბა....