ამერიკელ კოლეგებთან მოლაპარაკებების დროს ენერგეტიკის სფეროში შესაძლო ურთიერთქმედებისა და თანამშრომლობის საკითხი განიხილება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ამასთან, მან არ ისურვა კომენტარის გაკეთება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები მრავალმილიარდიან ნავთობის გარიგებას მოიცავს.
„კონკრეტულად ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ამერიკელ კოლეგებთან მოლაპარაკებების დროს ნამდვილად განიხილება ენერგეტიკის სფეროში შესაძლო ურთიერთქმედებისა და თანამშრომლობის საკითხი,“ – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.
ამასთან, მისივე თქმით, რუსეთის ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების სამიზნეების სია უკრაინულმა მხარემ გააფართოვა.
„მსურს, შეგახსენოთ პრეზიდენტ პუტინის არაერთგზის გაკეთებული განცხადება, რომ სწორედ უკრაინული მხარე, სწორედ კიევის რეჟიმი იყო ის, ვინც რუსეთის ფედერაციის მშვიდობიანი ეკონომიკური ობიექტების წინააღმდეგ მიმართული სამიზნეების ჩამონათვალი გააფართოვა. და ის, რასაც ახლა ჩვენი შეიარაღებული ძალები აკეთებენ, არის ამისთვის სამაგიეროს გადახდა. უკრაინამ საკუთარი ქმედებებისთვის აუცილებლად უნდა გადაიხადოს და გადაიხდის კიდეც საფასურს“, – აღნიშნა პესკოვმა.

