უკრაინული დრონების თავდასხმების შედეგად აზოვისა და შავი ზღვის პორტების დახურვამ რუს ფერმერებს უპრეცედენტო პრობლემა შეუქმნა: ათობით მილიონი ტონა ახალი მოსავალი არამოთხოვნადია და შესაძლოა, საცავებში, სულ მცირე, მომავალ წლამდე დარჩეს. ამის შესახებ The Moscow Times ანალიტიკურ კომპანია „პროზერნოზე“ დაყრდნობით წერს.
კერძოდ, “პროზერნოს” პროგნოზით, 20 მლნ ტონამდე მარცვლეული, რაც სექტემბრის შუა რიცხვებისთვის მიღებული მოსავლის, დაახლოებით, ერთი-მეექვსედია, გაუყიდავი დარჩება. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაახლოებით, 140 მლნ ტონა მოსავლიდან 59 მლნ ტონის ექსპორტს მოელოდა. თუმცა, “პროზერნოს” შეფასებით, თუ აზოვი-შავი ზღვის პორტები დახურული დარჩება, მხოლოდ 39 მლნ ტონა მარცვლეული გავა ექსპორტზე.
„ეს სავალალო მდგომარეობა კი არა, არამედ კატასტროფაა. სწორედ ამ კატასტროფისკენ მივდივართ და შედეგს იანვარში ვნახავთ, როცა ყველაფერი ერთად დაგროვდება,“ – აცხადებენ “პროზერნოში.”
ასევე, სახალხო ფერმერთა ასოციაცია მარცვლეულის კიდევ უფრო მეტ, ანუ 20-30 მლნ ტონა ჭარბ მოცულობას მოელის. ასოციაციის შეფასებით, „ცხრა თვეში ახალი მოსავალი მოვა, ძველი კი გარანტირებულად გაუყიდავი დარჩება.” ამდენად, ამ ვითარებაში ასოციაცია სვამს კითხვას, საერთოდ, აუცილებელია თუ არა ახალი საგაზაფხულო მოსავლის დათესვა.
ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, მარცვლეულის გადატანილი მარაგი 2027 წლის მოსავლის თესვის პოტენციურ შემცირებას, დაახლოებით, 5%-ით დააკომპენსირებს. თუმცა, პესიმისტური სცენარით, როცა ბაზარზე ჭარბი რაოდენობა, თითქმის, 7 მლნ ტონით აღემატება ოპტიმისტურ სცენარს, სექტორი გაკოტრების ტალღის წინაშე აღმოჩნდება.
ცნობისთვის: ივლისის დასაწყისში სამხედრო ესკალაციის გამო აზოვის ზღვის პორტებმა ფუნქციონირება შეწყვიტეს, ხოლო ქერჩის სრუტით გადაზიდვები შეჩერდა. ასევე, აგვისტოში, ნოვოროსიისკზე დრონებით დარტყმების შემდეგ მარცვლეულის ექსპორტის მთავარი კარიბჭე, შავი ზღვის ტერმინალებიც პარალიზებულ იქნა.
რუსეთის ხელისუფლება ბალტიის ზღვისა და ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის გავლითაც კი ახალი მარშრუტების გახსნას ცდილობს. თუმცა, Bloomberg-ის გათვლებით, ეს მხოლოდ სამხრეთ პორტებით გადაზიდული მოცულობის მეათედს შეადგენს. SovEcon-ის შეფასებით, „მკაცრი რეალობა ის არის, რომ საექსპორტო მარშრუტები, რომლებიც შავი ზღვის ჩანაცვლებას შეძლებდნენ, ფაქტობრივად, არ არსებობს.“

