აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთი NATO-ს კალინინგრადის ბლოკადის შემთხვევაში ბირთვული იარაღით ემუქრება

რუსეთის საელჩომ ირლანდიაში სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთი მზად იქნება ბირთვული იარაღი გამოიყენოს, თუ NATO კალინინგრადის ოლქის რუსეთის დანარჩენი ტერიტორიისგან იზოლირებას შეეცდება.

საელჩოს განცხადებაში ირწმუნებიან, რომ მათ “მიღებული აქვთ ინფორმაცია” NATO-ს მიერ კალინინგრადის ოლქის საჰაერო და საზღვაო ბლოკადის მომზადების შესახებ.

“ეჭვი არ უნდა არსებობდეს, რომ რუსეთი მზად იქნება გამოიყენოს მთელი თავისი არსენალი, მათ შორის ბირთვული იარაღი, საკუთარი ტერიტორიის დასაცავად, თუ NATO-ს ქვეყნები კალინინგრადის ოლქის ქვეყნის დანარჩენი ტერიტორიისგან იზოლირებას შეეცდებიან.” – წერს რუსეთის საელჩო.

ამასთან, საელჩოს მტკიცებით, რუსეთს “ევროპასთან ვითარების გამწვავების არანაირი გეგმა არ აქვს”, ხოლო “ევროპის უპასუხისმგებლო და ახლომხედველი პოლიტიკური ელიტა სახიფათო თამაშს თამაშობს”.

მსგავსი გაფრთხილება რუსეთის მიერ NATO-სთვის გაგზავნილ დოკუმენტშიც არის, რომელიც Reuters-ის ცნობით, სააგენტოს ხელში აღმოჩნდა. დოკუმენტში მოსკოვი ალიანსს “სახიფათო და დაუფიქრებელ კურსში” ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს “პირდაპირი შეიარაღებული კონფლიქტის წარმოშობის მაღალ რისკებს” ქმნის.

NATO-ს წერილობით პასუხში ნათქვამია, რომ ალიანსის არც ერთი სწავლება ან საქმიანობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას საფრთხეს არ უქმნის.

“მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, თავი შეიკავოს მოკავშირეების მიმართ სულ უფრო დაუფიქრებელი ქცევისგან და შეწყვიტოს უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა.” – ციტირებს Reuters-ი NATO-ს პასუხს.

რუსეთის საელჩომ ირლანდიაში განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ევროპელმა პოლიტიკოსებმა უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმების გაძლიერებაზე ისაუბრეს.

იტვირთბა....