ევროკავშირის საბჭომ 24 სექტემბერს Russia Today-ს ფრანგულენოვანი განყოფილების ყოფილ ხელმძღვანელ ქსენია ფედოროვას რუსულ საინფორმაციო მანიპულაციასა და ჩარევაში მონაწილეობის გამო სანქციები დაუწესა.
საბჭოს განცხადებით, ფედოროვა RT France-ში პრორუსული ნარატივების გავრცელებაში იღებდა მონაწილეობას, ხოლო ევროკავშირში RT-ის მაუწყებლობის შეჩერების შემდეგ ის რუსეთის ხელისუფლების პოზიციებთან თანხვედრაში მყოფ გზავნილებს ფრანგულ მედიაში, მათ შორის, CNews-ში, Europe 1-სა და Le JDNews-ში ავრცელებდა.
ეს გზავნილები მოიცავდა უკრაინის წინააღმდეგ ომს, უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას, NATO-სა და ევროკავშირთან რუსეთის ურთიერთობას.
სანქციები ფედოროვას აქტივების გაყინვას გულისხმობს. ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს მისთვის თანხებისა და სხვა ეკონომიკური რესურსების გადაცემაც ეკრძალებათ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ასევე აეკრძალა ევროკავშირში შესვლა და მისი ტერიტორიის გავლით გადაადგილებაც.
სიაში ფედოროვას დამატების შემდეგ რუსეთის დესტაბილიზაციისკენ მიმართული საქმიანობისთვის ევროკავშირის სანქციები 81 პირსა და 20 ორგანიზაციაზე ვრცელდება.

