რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, საწყობები და საწვავის სადგურები. კლიჩკოს განცხადებით, დრონი ასევე ცხრასართულიან არასაცხოვრებელ შენობას მოხვდა.
ამასთან, დონეცკის ოლქზე იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. თავდასხმის შედეგად მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაინგრა. დაზიანდა კიდევ 11 მრავალსართულიანი და 42 კერძო სახლი, საბავშვო ბაღი, მაღაზია, ადმინისტრაციული შენობა და ექვსი ავტომობილი.
დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვადიმ ფილაშკინმა განაცხადა, რომ ნანგრევებში შესაძლოა კიდევ რვა ადამიანი იმყოფებოდეს.
დონეცკის ოლქის ხელმძღვანელმა რეგიონის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.

