ახალი ამბები მთავარი

ევროკავშირის ქვეყნებმა რუს ოლიგარქებს შესაძლოა, სანქციები მოუხსნან – ვინ მოხვდა სიაში

ევროკავშირის ელჩები რუსი ოლიგაქების, ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნაზე იმ პირობით შეთანხმდნენ, რომ არცერთი ქვეყნის მთავრობა მომდევნო რამდენიმე საათში ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი არ იქნება. ამის შესახებ Reuters რამდენიმე დიპლომატზე დაყრდნობით წერს.

გადაწყვეტილება ყოვლისმომცველი შეთანხმების ნაწილია, რომელიც ათასობით სხვა რუსი ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ სანქციების სამი წლით გახანგრძლივებას ითვალიწინებს ჩვეულებრივი ვადის ნაცვლად, რაც მანამდე სხვადასხვა ტიპის შემზღუდავი ზომებისთვის 6 ან 12 თვეს მოიცავდა.

რუსეთის წინააღმდეგ, დაახლოებით, 3000 სანქციის გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება 22 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ. თუმცა გასულ კვირას საფრანგეთი მოულოდნელად სლოვაკეთს შეუერთდა და უსმანოვის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა მოითხოვა. უსმანოვი რამდენიმე წელია, სხვადასხვა ქვეყნის ლობისტების მეშვეობით ევროკავშირის შავი სიიდან მის ამოღებას ცდილობს. თავის მხრივ, ლუქსემბურგმა, რომელსაც მეორე ოლიგარქმა, ფრიდმანმა აქტივების გაყინვის გამო უჩივლა, განაცხადა, რომ მისი პოზიცია სასამართლოში შესუსტდებოდა, თუ ევროკავშირი შეზღუდვებს მხოლოდ უსმანოვის წინააღმდეგ მოხსნიდა.

Politico-ს ცნობით, საფრანგეთმა უარი თქვა, საჯაროდ ან პირადად აეხსნა თავისი მოტივაცია და მხოლოდ ის განაცხადა, რომ ეს „ეროვნული უსაფრთხოების კონკრეტულ საკითხთან“ არის დაკავშირებული. ასევე, Financial Times წერს, რომ ასეთი ნაბიჯი შესაძლოა, შეთანხმების ნაწილი იყოს, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანი საფრანგეთის დაკავებულ მოქალაქეებს გაათავისუფლებს. თუმცა პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა ეს უარყო და დასძინა, რომ ბაქო უსმანოვის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას ადრეც ითხოვდა.

Reuters-ს სამმა ევროპელმა დიპლომატმა განუცხადა, რომ საფრანგეთმა ევროკავშირს უსმანოვისთვის სანქციების მოხსნისკენ მას შემდეგ მოუწოდა რაც აზერბაიჯანმა საფრანგეთის, მინიმუმ, ორი მოქალაქე დააკავა. ამის შემდეგ ბაქო პარიზზე უსმანოვის გამო ზეწოლას ახდენდა.

უსმანოვმა ევროპული სანქციების წინააღმდეგ ბრძოლაში მრავალი არხი გამოიყენა. მაგალითად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვმა უნგრეთის მთავრობაში თავის ყოფილ კოლეგას, პეტერ სიიარტოს ამ საკითხში დახმარება სთხოვა. კერძოდ, გასულ გაზაფხულზე მინისტრებს შორის გაჟონილი სატელეფონო საუბრებიდან გაირკვა, რომ ლავროვმა სიიარტოს მისი თხოვნა შეახსენა, შავი სიიდან ოლიგარქის დის, გულბაჰორ ისმაილოვას ამოღებაში დახმარებოდა. სიიარტომ პირობა დადო, რომ სლოვაკეთთან ერთად ამ საკითხს სანქციების გაგრძელებასთან დაკავშირებულ განხილვაზე დასვამდა.

იტვირთბა....