რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა რეგიონულ არჩევნებში ხმების 99.85% მიიღო და მეხუთე ვადით გაიმარჯვა.
კადიროვის წინააღმდეგ მონაწილეობას ორი კანდიდატი იღებდა – პარტია “სამართლიანი რუსეთის” მიერ წარდგენილი ისმაილ დენილხანოვი და კომუნისტური პარტიის კანდიდატი ხალიდ ნაკაევი. ოფიციალური შედეგებით, თითოეულმა მათგანმა ხმების 0.05% მიიღო.
ცნობისთვის, 2021 წლის არჩევნებში კადიროვის ოფიციალური შედეგი 99.73% იყო, 2016 წელს კი მან ხმების 94.8% მიიღო.
არჩევნები მკაცრად კონტროლირებად პოლიტიკურ გარემოში ჩატარდა. ომის მოწინააღმდეგე კანდიდატების უმეტესობას არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება არ მისცეს, ხოლო საერთაშორისო დამკვირვებლებს წარსულში ჩეჩნეთში ჩატარებული კენჭისყრები მკაცრად აქვთ გაკრიტიკებული.

