ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ქვეყნებს წარუდგინა პროექტი იმ ზომების შესახებ, რომელიც ბავშვთა ონლაინ-უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ბლოკის აღმასრულებელი ორგანო 13 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვასა და არასრულწლოვანებისთვის უსაფრთხო პროფილების შესაქმნელად ონლაინ-სერვისების დავალდებულებას ითხოვს.
ასევე, პროექტის თანახმად, 13-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები ამ პლატფორმების გამოყენებას მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ შეძლებენ.
აკრძალვები და გამკაცრებული რეგულაციები გავრცელდება სოციალურ მედიაზე, ვიდეო-გაზიარების სერვისებზე, ონლაინ-ვიდეოთამაშებზე, ხელოვნური ინტელექტის ასისტენტებსა და 18 წლამდე ასაკის აუდიტორიისთვის განკუთვნილ ჩატბოტებზე. ეს უკანასკნელი მოწყობილობებზე ნაგულისხმევად უნდა იყოს გამორთული.
მსგავსი კანონები უკვე დააინიცირეს ან მიიღეს ევროკავშირის ცალკეულმა წევრებმა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ, როგორიც არის ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი. ეს კანონები მიზნად ისახავს ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის ისეთი სერვისების მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვას, როგორიც არის Meta-ს საკუთრებაში არსებული Facebook და Instagram, ასევე, TikTok, Google, YouTube და ChatGPT.

