კიევის მხარდასაჭერად შემუშავებული €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის ფარგლებში ევროკომისია უკრაინას დრონებისა და რაკეტების შესაძენად €3.3 მილიარდს გამოუყოფს.
“დღეს უკრაინას დრონებისა და რაკეტების შესაძენად €3.3 მილიარდს ჩავურიცხავთ. ევროპა უკრაინას თავისი ხალხისა და ტერიტორიის დასაცავად საჭირო მხარდაჭერას კვლავ გაუწევს.” – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის ცნობით, ამ თანხის ჩარიცხვის შემდეგ 2026 წელს უკრაინისთვის გამოყოფილი თავდაცვითი და სხვა სახის მხარდაჭერა თითქმის €15 მილიარდს მიაღწევს.
უკრაინის მხარდაჭერის სესხი 2026–2027 წლებში კიევისთვის €30 მილიარდის საბიუჯეტო დახმარებასა და თავდაცვისთვის განკუთვნილ €60 მილიარდს მოიცავს.
დღევანდელი გადახდა ევროკომისიის მიერ 11 სექტემბერს უკრაინის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვისა და სხვა სამხედრო საჭიროებებისთვის €6.1 მილიარდის დამტკიცებას მოჰყვა. ეს პაკეტი Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილ PAC-3-ის რაკეტებსაც მოიცავს.
ევროკომისია ასევე გეგმავს დარჩენილი თანხების გამოყენებას ევროკავშირისა და უკრაინის ერთობლივი პროგრამისთვის, რომლის მიზანიც Freya-ს ანტიბალისტიკურ სისტემაზე დაფუძნებული ევროპული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემის განვითარება იქნება.

