აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

დონალდ ტრამპის ქონება საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ 2.7 მლრდ დოლარით გაიზარდა

Forbes-მა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ქონება 7 მლრდ დოლარად შეაფასა, რაც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვების შემდეგ 2.7 მლრდ დოლარით მეტია.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ტრამპის ქონება, დაახლოებით, 300 მლნ დოლარით შემცირდა.

თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ტრამპის ქონების სწრაფ ზრდაში მნიშვნელოვანი როლი კრიპტოვალუტის პროექტებმა და საერთაშორისო გარიგებებმა ითამაშა.

Forbes-ის შეფასებით, ამჟამად ტრამპის სუფთა ქონებიდან, დაახლოებით, 2.4 მლრდ დოლარი კრიპტოვალუტისა და ლიკვიდური აქტივების წილია.

ამ კატეგორიის უდიდესი მდგენელი ლიკვიდური აქტივებია, რომელთა ღირებულება, დაახლოებით, 1.9 მლრდ დოლარს შეადგენს. მათ ზრდას Forbes ნაწილობრივ კრიპტოვალუტის გაყიდვიდან და კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ბიზნესიდან მიღებულ წილს უკავშირებს.

ტრამპმა ამ თანხის ნაწილი თავისი წილის გაყიდვიდან მიიღო, მანამდე კი თავისი ფულადი რეზერვი ვაშინგტონში სასტუმროს გაყიდვითა და სან-ფრანცისკოში უძრავი ქონების რეფინანსირებით შეავსო.

ტრამპის კუთვნილი მემკოინებით Forbes მის სუფთა ქონებას, დაახლოებით, 183 მლნ დოლარად აფასებს. მისი წილი კრიპტოვალუტის პროექტ World Liberty Financial-ში 78 მლნ დოლარს, ხოლო მასთან დაკავშირებულ სტებლკოინ USD1-ის ბიზნესში დამატებით 233 მლნ დოლარს შეადგენს. არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ ეს აქტივები მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ მას შემდეგ მათი ღირებულება კრიპტობაზრის ვარდნის ფონზე შემცირდა.

აშშ-ის პრეზიდენტის სიმდიდრის მეორე უდიდესი წყარო მისი გოლფ-კლუბები და კურორტებია. Forbes მათ საერთო ღირებულებას, დაახლოებით, 1.8 მლრდ დოლარად აფასებს. ეს ათ ამერიკულ გოლფ-კლუბს, ფლორიდაში მდებარე კურორტ Mar-a-Lago-ს, Trump National Doral Miami-ს და სამ ევროპულ ობიექტს მოიცავს, რომელთაგან ორი შოტლანდიაში, ერთი კი ირლანდიაშია. Mar-a-Lago-ს ღირებულება 650 მლნ დოლარად არის შეფასებული, ხოლო Trump National Doral-ში ტრამპის წილი, ვალების გამოკლებით, დაახლოებით, 365 მლნ დოლარს შეადგენს.

დამატებით 1.1 მლრდ დოლარი უძრავი ქონების ინვესტიციების წილია. მისი ყველაზე დიდი აქტივები ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოში საოფისე-სავაჭრო კომპლექსებში წილებს, ასევე, Trump Tower-ს, საცხოვრებელ სახლებს ფლორიდაში და სხვა შენობებსა და მიწის ნაკვეთებს მოიცავს. თუმცა უძრავი ქონების ღირებულების ნაწილი ვალდებულებიან აქტივებს მიეკუთვნება, რომლებსაც Forbes ქონების გაანგარიშებისას აკლებს.

სოციალურ ქსელ Truth Social-ის მფლობელ კომპანია Trump Media & Technology Group-ში ტრამპის წილის ღირებულებას Forbes, დაახლოებით, 1 მლრდ დოლარად აფასებს. თუმცა, კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები კვლავ სუსტი რჩება: 2025 წელს მან მხოლოდ 3.7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო და 712 მლნ დოლარის სუფთა ზარალი დააფიქსირა. Trump Media-ს აქციების ფასის კლება ბოლო ერთი წლის განმავლობაში ტრამპის სუფთა ქონების შემცირების მთავარი ფაქტორია.

კიდევ 700 მლნ დოლარს Forbes ტრამპის სხვა აქტივებს მიაწერს. ამ თანხის უდიდესი ნაწილი ლიცენზირებისა და მართვის ბიზნესს შეადგენს, რომლის ღირებულებაც 655 მლნ დოლარია. აშშ-ის პრეზიდენტი, ასევე, თვითმფრინავსა და ვერტმფრენს, პროდუქციის ლიცენზირების ბიზნესში წილს, საპენსიო აქტივებსა და სხვა ინვესტიციებს ფლობს.

ამასთან, Forbes ტრამპის, დაახლოებით, 140 მლნ დოლარის დამატებით ვალდებულებებს ითვალისწინებს. ეს, დაახლოებით, 94 მლნ დოლარის იურიდიული, ხოლო 50 მლნ დოლარის საკრედიტო ვალდებულებებია, რომლებიც აქტივებით არის უზრუნველყოფილი.

ამდენად, გამოცემა დაასკვნის, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეფასების შემცირების მიუხედავად, ტრამპის სუფთა ქონება მნიშვნელოვნად აღემატება იმ დონეს, რომელიც Forbes-მა 2024 წლის არჩევნებში მისი გამარჯვების შემდეგ დააფიქსირა. ამ ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი კრიპტოვალუტის იმ პროექტებმა და გარიგებებმა უზრუნველყო, რომლებიც თეთრ სახლში ტრამპის დაბრუნების შემდეგ დაიდო.

იტვირთბა....