აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლომ საქართველოს თურქული კომპანია ENKA-ს წინააღმდეგ არბიტრაჟში დაკისრებული 400 მილიონ დოლარზე მეტი კომპენსაციის გადახდა დააკისრა – ამის შესახებ აღნიშნულია 2026 წლის 11 სექტემბრით დათარიღებულ გადაწყვეტილებაში | ინფორმაციას გამოცემა BMG ავრცელებს.
საქართველოს ხელისუფლება აქამდე ამ კომპენსაციის გადახდის შეჩერებას ცდილობდა საფრანგეთის იურისდიქციაში, სადაც საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საარბიტრაჟო კოლეგიამ განიხილა და ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში საქართველოს 383-მილიონიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ამასთან, კომპენსაციას თან ახლავს საპროცენტო განაკვეთი (SOFR+4%)-ის ოდენობით, რაც კომპენსაციის ძირს ერიცხება თითოეულ გადაუხდელ კვარტალზე, ამ დროისთვის ჯამური კომპენსაცია 400 მილიონ დოლარს მნიშვნელოვნად აღემატება.
როგორც სასამართლოს ჩანაწერიდან ირკვევა, ENKA Renewables-მა მიმართა აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს იმიტომ, რომ აშშ არის არბიტრაჟის შესახებ საერთაშორისო კონვენციის ხელმომწერი მხარე და მისი იურისდიქციის გამოყენება მოდავე მხარეებს სამართლიანად შეუძლიათ. ENKA-მ წარადგინა 2024 წლის დეკემბრის განაჩენი, რის საფუძველზეც, აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლომ განაჩენი აღსრულებაში მოაქცია.
საარბიტრაჟო დავა 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსთან არსებული საინვესტიციო შეთანხმება ფორსმაჟორის გამო შეწყდა. კომპანია აღნიშნული პერიოდისთვის “ნამახვანჰესის” $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ემზადებოდა და წინასწარ სამუშაოებზე 100 მილიონამდე უკვე ჰქონდა ინვესტირებული.
ENKA-მ არბიტრაჟს მიმართა სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო პირობების უხეში დარღვევის გამო, რაც საინვესტიციო შეთანხმების უგულებელყოფას უკავშირდებოდა.
“ნამახვანჰესის” პროექტთან დაკავშირებით, მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 9 ივნისს განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგურის პროექტი არსებული სახით აღარ განხორციელდებოდა, თუმცა, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო არბიტრაჟის შეფასებით წინააღმდეგობაში მოდიოდა სახელმწიფოს მიერ გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებასთან, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ENKA-ს მთავრობის ქმედებების საარბიტრაჟო ტრიბუნალში გასაჩივრება შეეძლებოდა.
კომპანია Enka Renewables-ი თურქული საინჟინრო და ენერგეტიკული კომპანია ENKA-ს შვილობილია, კომპანია 433 მეგავატის სიმძლავრის ნამახვანჰესის ჰიდროელექტროსადგურის კასკადს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აშენებდა, პროექტის ექსპლუატაციაში შესვლა 2025-2026 წლებში იგეგმებოდა.

