აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

ევროკომისია მიგრაციის პოლიტიკას კიდევ უფრო ამკაცრებს

ევროკომისია ესპანურ ქალაქ სეუტას კრიზისის შემდეგ მიგრაციის პოლიტიკას კიდევ უფრო გაამკაცრებს. უახლოეს თვეებში შესაძლოა, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდეს და ეს ცვლილებები კომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიმდინარე კვირას დააანონსოს. ამის შესახებ Euronews-ს ევროკავშირის რამდენიმე წარმომადგენელმა, დიპლომატმა და ევროპარლამენტარმა განუცხადა.

იმის მიუხედავად, რომ 2023 წლიდან ევროკავშირში საზღვრის არალეგალური გადაკვეთისა და თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა სტაბილურად შემცირდა, ამჟამად ბლოკის გარე საზღვრების გაძლიერებისა და არალეგალი მიგრანტების დაბრუნების პრაქტიკის გაფართოების სამი ახალი ვარიანტი განიხილება.

Euronews-ის ცნობით, ეს ვარიანტები ურთიერთგამომრიცხავი არ არის და საბოლოოდ ფონ დერ ლაიენმა შესაძლოა, რამდენიმე მათგანის ერთდროული რეალიზება გადაწყვიტოს.

მაგალითად, ამჟამად განხილვის პროცესში მყოფი ყველაზე რადიკალური წინადადება მიგრანტების უეცარი მასობრივი ჩასვლის შემთხვევაში თავშესაფრის წესების დროებით შეჩერებას ითვალისწინებს.

ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნები აღარ იქნებიან ვალდებული, თავშესაფრის მოთხოვნა იმ ადამიანებისგან განიხილონ, რომლებიც იქ სეუტაში შეჭრის მსგავსად მასიურად შევლენ.

„ეს იდეა განიხილება და ეს მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება,“ – განუცხადა Euronews-ს ევროკავშირის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა.

მოქმედი წესების თანახმად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ უცხოელ მოქალაქეს უფლება აქვს, თავშესაფარი იმის მიუხედავად მოითხოვოს, თუ რა ფორმით არის შესული ევროპაში. მათი განაცხადი თითოეული შემთხვევისთვის ინდივიდუალურად განიხილება.

ამ ცვლილებებს დაჟინებით ითხოვს ზოგიერთი წევრი სახელმწიფო, რომლებმაც ბოლო წლებში მსგავსი ზომები უკვე შემოიღეს.

ცნობისთვის, ივნისში ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი წესები არალეგალი მიგრანტების უკან დაბრუნების პროცედურის გამარტივებასა და დაჩქარებას ითვალისწინებს.

კანონი ბლოკის გარეთ ე.წ. დაბრუნების ცენტრების შექმნის საშუალებას იძლევა, სადაც შესაბამისი გადაწყვეტილებით მიგრანტები უნდა გაიგზავნონ, თუ მესამე ქვეყანა მათ მიღებას დათანხმდება. გამონაკლისი თანმხლები პირების გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნებია. ამის გარდა, კანონი არალეგალი მიგრანტების საცხოვრებელი ადგილების ან „სხვა შესაბამისი შენობების“ ჩხრეკის საშუალებას იძლევა.

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქის დეპორტაციის გადაწყვეტილებას თან დაერთვება ბლოკის შესაბამისი ტერიტორიის დაუყოვნებლივ ან განსაზღვრული ვადის განმავლობაში დატოვების ვალდებულება. კანონი, ასევე, არალეგალი მიგრანტების დაკავების ვადას ექვსი თვიდან ორ წლამდე ზრდის, ხოლო საფრთხის რისკის შემცველი პირებისთვის დაკავების ვადა შესაძლოა, შეუზღუდავი იყოს.

ასევე, მკაცრდება ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვები და უმეტეს შემთხვევაში მათი ხანგრძლივობა 5-იდან 10 წლამდე გაიზრდება. საფრთხის რისკის შემცველად მიჩნეული პირებისთვის აკრძალვა შესაძლოა, მუდმივიც იყოს.

ამასთან, ახალი კანონი დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურას ცვლის. მანამდე გადაწყვეტილების აღსრულება ავტომატურად ჩერდებოდა სასამართლო საქმის განხილვის პერიოდში, ხოლო ახალი წესების თანახმად, ეს ავტომატური გარანტია უქმდება. სასამართლო თითოეული შემთხვევის მიხედვით გადაწყვეტს, შეაჩეროს თუ არა დაბრუნების გადაწყვეტილების აღსრულება.

2025 წლის ბოლოს ევროკავშირის საბჭომ მიაღწია პოლიტიკურ შეთანხმებას მიგრაციის „სოლიდარობის აუზის“ შექმნის შესახებ. კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც მიგრაციულ ზეწოლას განიცდიან, როგორიც წელს საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია და კვიპროსია, დახმარების მიღებას სხვა წევრი სახელმწიფოებისგან შეძლებენ.

აპრილში გამოცემა Welt-მა ევროკომისიის კონფიდენციალურ ანგარიშზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ წლის პირველ სამ თვეში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ასევე, ნორვეგიასა და შვეიცარიაში თავშესაფრის მაძიებლების განაცხადების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18%-ით ნაკლები იყო.

საქართველო ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით ქვეყნების წამყვან 20-ეულშია. 2025 წელს ევროპაში თავშესაფარი საქართველოს 15 ათასზე მეტმა მოქალაქემ მოითხოვა.

იტვირთბა....