უკრაინული დრონების თავდასხმების გამო, რუსულმა ონლაინ-რითეილერმა Wildberries-მა სასწრაფოდ დაიწყო საწყობებისთვის დამცავი აღჭურვილობის შესყიდვა – იტყობინება რუსული დამოუკიდებელი გამოცემა The Bell.
ამავე ინფორმაციით, კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა 478 000 კვადრატული მეტრი თუთიით დაფარული ლითონის ბადის შესყიდვაზე, რომელიც რუსეთის რვა რეგიონში მდებარე ობიექტებისთვისაა განკუთვნილი.
საჯარო დოკუმენტებში შესყიდვის მიზანი დაკონკრეტებული არ არის. თუმცა, ერთ-ერთი სამრეწველო კომპანიის წყარომ გამოცემა The Bell-ს განუცხადა, რომ ბადე განკუთვნილია უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმებისგან დასაცავად.
უკრაინულმა დრონებმა Wildberries-ის საწყობებზე დარტყმები ივლისში დაიწყეს. თავდასხმა განხორციელდა სულ მცირე 22 ობიექტზე რუსეთის ათობით რეგიონში, მათ შორის ლენინგრადის, რიაზანის, სამარის, პენზის, ტულას, ვლადიმირისა და ტვერის ოლქებში, ასევე ეკატერინბურგში. Wildberries-ისთვის მიყენებული ზარალის მასშტაბი საკმაოდ დიდია. 17 აგვისტოს მონაცემებით, კომპანიის დაახლოებით 2.4 მილიონი კვადრატული მეტრი საწყობის ფართობი განადგურდა ან გამოსაყენებლად უვარგისი გახდა, რაც მისი საწყობების საერთო სიმძლავრის დაახლოებით 43%-ს შეადგენს.

