აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“ჩვენი მიზანია კიდევ უფრო გავზარდოთ ნავსადგურების გამტარუნარიანობა და ეფექტიანობა, რაც გაამყარებს საქართველოს პოზიციას საერთაშორისო სატრანსპორტო ლოგისტიკურ ქსელში” – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე

„ეს მონაცემები საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკური სექტორის მდგრადი ზრდისა და ნავსადგურების მზარდი შესაძლებლობების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია“, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნათია მიმინოშვილი საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში აღრიცხულ ტვირთნაკადებთან დაკავშირებით.

მისი განმარტებით, 2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთის მოცულობამ 13,7 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-იანი ზრდაა.

„ამავე პერიოდში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ 574 000 TEU შეადგინა, რაც ასევე წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 9%-ით აღემატება. ორივე მაჩვენებელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში იანვარ-აგვისტოს პერიოდისთვის ყველაზე მაღალი შედეგია. ამასთან, ზრდა აღინიშნა ტვირთის ყველა ძირითად კატეგორიაში“, – აღნიშნა ნათია მიმინოშვილმა.

მისივე განმარტებით, უწყების მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებაა.

„ჩვენი მიზანია კიდევ უფრო გავზარდოთ ნავსადგურების გამტარუნარიანობა და ეფექტიანობა, რაც გაამყარებს საქართველოს პოზიციას საერთაშორისო სატრანსპორტო ლოგისტიკურ ქსელში“, – განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

იტვირთბა....