აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

ბერლინელ ბიზნესმენ ქალს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის საქმეზე ბრალი წარუდგინეს

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ბერლინში მცხოვრები 57 წლის ბიზნესმენი ქალი რუსეთის სასარგებლოდ სადაზვერვო საქმიანობაში დაადანაშაულა.

Associated Press წერს, რომ ილონა ვ.-ს გერმანიისა და უკრაინის მოქალაქეობა აქვს. პროკურატურის ცნობით, მას, სულ მცირე, 2023 წლის ოქტომბრიდან კავშირი ჰქონდა რუსეთის დაზვერვის ოფიცერთან, რომელიც ბერლინში, რუსეთის საელჩოში, მუშაობდა.

ბრალდების თანახმად, ილონა ვ. ბერლინში მარკეტინგულ სააგენტოს ხელმძღვანელობდა და ლობისტური გაერთიანების თავმჯდომარე იყო, რის გამოც სამხედრო და პოლიტიკურ წრეებში ფართო კავშირები ჰქონდა.

გამომძიებლების მტკიცებით, ბრალდებული რუს ოფიცერს მაღალი დონის ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა და მათზე, ზოგჯერ ყალბი სახელით, დასწრებაში ეხმარებოდა.

პროკურატურის შეფასებით, ყოველივე ამის მიზანი იყო, რომ რუს ოფიცერს სადაზვერვო საქმიანობისთვის საკუთარი კონტაქტების ქსელი შეექმნა.

მას ასევე ედავებიან გერმანიის თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო მრეწველობის თანამშრომლების გადაბირების მცდელობას. ბრალდების თანახმად, ქალი რუსი ოფიცრისთვის გერმანიის თავდაცვის პოლიტიკისა და სამხედრო მრეწველობის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის კონტექსტში.

ილონა ვ. 21 იანვარს დააკავეს, საბრალდებო დოკუმენტი კი 6 სექტემბერს ბერლინის უმაღლეს რეგიონულ სასამართლოში შეიტანეს. ამ დროისთვის ის წინასწარ პატიმრობაში რჩება.

ქალის დაკავების შემდეგ გერმანიამ საქმესთან დაკავშირებული რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა, რასაც მოსკოვმა გერმანელი დიპლომატის გაძევებით უპასუხა.

იტვირთბა....