“სახელისუფლებო პროპაგანდისტული არხები ნიშნის მოგებით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ „გაზპრომმა“ სომხეთს გაზის მიწოდება 10 დღით, სარემონტო სამუშაოების გამო, შეუწყვიტა.
რეალურად, ამ ეტაპზე დადასტურებულია მხოლოდ ის, რომ 15-დან 25 სექტემბრამდე რუსეთიდან სომხეთისთვის გაზის მიწოდება შეჩერდება დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გამო. სამუშაოები რუსეთის ტერიტორიაზე, სტავროპოლის მხარეში, ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის მაგისტრალზე ჩატარდება.
არის თუ არა ეს მხოლოდ ტექნიკური რემონტი, თუ კრემლის მხრიდან პოლიტიკური ბერკეტის დემონსტრირებაც, ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა ერთი რამ ცხადია: რუსული გაზი სომხეთში საქართველოს გავლით მიდის. შესაბამისად, ასეთი შეჩერება საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურასაც პირდაპირ ეხება.
რატომ არ ეუბნება ხელისუფლება საზოგადოებას, რა ხდება საქართველოს სატრანზიტო გაზსადენზე?
რატომ არის საინფორმაციო დღის წესრიგში მხოლოდ ის, რომ „რუსეთმა სომხეთს გაზი შეუწყვიტა“, მაგრამ თითქმის არავინ საუბრობს იმაზე, რომ ეს არის საქართველოს გავლით მიმავალი რუსული გაზის ნაკადი?
მით უმეტეს, როდესაც ხელისუფლების ერთ-ერთი საყვარელი სიტყვა ბოლო წლებში „დივერსიფიკაციაა“, რაც სინამდვილეში იმას ნიშნავს, რომ რუსულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე( არა მხოლოდ გაზი) დამოკიდებულებას ახალი შეფუთვა დავარქვათ.
თუ სომხეთამდე მიმავალი რუსული გაზის მილი საქართველოს ტერიტორიაზე გადის, მაშინ ეს მხოლოდ სომხეთის პრობლემა არ არის. ეს არის საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების, სატრანზიტო რისკებისა და რუსეთზე დამოკიდებულების საკითხიც.” – წერს რომან გოცირიძე.

