სომხეთი TRIPP-ის (ზანგეზურის დერეფნის) გავლით გაზსადენის გაყვანის შესაძლებლობას განიხილავს, ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი რუსეთი ერევანს გაზს გაუძვირებს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
„სომხეთში გაზი იაფი არ არის. საზღვრიდან მომხმარებლამდე ფასნამატი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მაღალია. რა ნუგეშია ეს მომხმარებლისთვის, თუ ეზომდე გაზი იაფია, ხოლო ის მას ძვირად იღებს?“, – განაცხადა ფაშინიანმა და დასძინა, რომ კომპანია „გაზპრომ არმენია“ დიდ მოგებას იღებს და ეს არის ფაქტი, რომელიც უნდა აღინიშნოს.
მისი თქმით, ერევანი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის სხვადასხვა სცენარს სწავლობს, მათ შორის TRIPP-ის მარშრუტით გაზსადენის გაყვანის შესაძლებლობას.
„არ არსებობს სფეროები, სადაც დივერსიფიკაციაზე არ წავალთ. პოლიტიკური გადაწყვეტილება ასეთია: ჩვენ განვავითარებთ ჩვენს დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობას. დანარჩენი მიმდინარე საკითხებია და კონკრეტულ სიტუაციებს შეიძლება ჰქონდეს კონკრეტული გადაწყვეტილებები. თუკი გაზის ფასს კიდევ გაზრდის რუსეთი, ჩვენც დავფიქრდებით. სიტუაციას მშვიდად ვუყურებთ და დივერსიფიკაციას მოვახდენთ ყველაფრისგან დამოუკიდებლად.
თუ გაჩნდება გაზის მეორე ან მესამე წყაროდან მიღების შესაძლებლობა, ხელისუფლება ამ ნაბიჯს აუცილებლად გადადგამს. თუ გაჩნდება TRIPP-ის გავლით გაზსადენის გაყვანის შესაძლებლობა, ეს გაკეთდება და სომხეთი ტრანზიტის საფასურსაც კი მიიღებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ცნობისთვის, „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP) არის სტრატეგიული სატრანსპორტო და გეოპოლიტიკური ინიციატივა, რომელიც სომხეთის გავლით დამაკავშირებელი დერეფნის (ცნობილი როგორც ზანგეზურის დერეფნის ალტერნატიული/მიმდინარე პროექტი) განვითარებას ისახავს მიზნად. „ტრამპის მარშრუტი“ საერთო ჯამში 42-კილომეტრია. აღნიშნული სატრანსპორტო საკომუნიკაციო სისტემა სამხრეთ სომხეთში, სიუნიქის რეგიონში გაივლის. პროექტის მთავარი მიზანი აზერბაიჯანსა და მის ანკლავ ნახიჩევანის ავტონომიურ ოლქს შორის სატრანსპორტო კავშირების განბლოკვაა.
აღსანიშნავია, რომ „ტრამპის მარშრუტის“ სამშენებლო სამუშაოების პრაქტიკული ეტაპის დაწყება 2027 წლის დასაწყისში იგეგმება, სატრანსპორტო დერეფნის სრულფასოვანი ამოქმედება და ინფრასტრუქტურის ჩაბარება კი 2030 წლისთვის არის პროგნოზირებული.

